ვაინშტეინი სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს 44 მილიონს გადაუხდის

ჰოლივუდის კინოპროდიუსერმა, ჰარვი ვაინშტეინმა დაასრულა წინასწარი მოლაპარაკება საპროცესო გარიგების შესახებ იმ მსახიობი ქალების სამოქალაქო სარჩელზე, რომლებიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ. გარიგების თანხა დაახლოებით 44 მილიონი დოლარია.
ვაინშტეინის წინააღმდეგ ბრალდებები საფუძვლად დაედო სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა საერთაშორისო მოძრაობას #MeToo.
რამდენიმე ოსკარის მფლობელი პრდიუსერი 2018 წელს დააკავეს გაუპატიურებების ბრალდებით. პროდიუსერს ოფიციალური სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენეს ხუთ ეპიზოდში.
თუმცა გარდა ამისა, კიდევ 70–ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა ვაინშტეინი სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში. მაგალითად, მსახიობმა ეშლი ჯადმა მას სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ როგორც თვითონ ამტკიცებს პროდიუსერმა სექსზე უარის გამო მისი კარიერა დაანგრია.
ვაინშტეინი სექსუალურ დანაშაულში საკუთარ ბრალეულობას უარყოფს.
გაკოტრებული საპროდიუსერო კომპანია Weinstein Co–ს იურისტმა, ადამ ჰარისმა სამოქალაქო საქმეების მოსამართლეს შეატყობინა, რომ ეკონომიკური შეთანხმების ზოგადი მონახაზი მოსარჩელეებთან უკვე შეთანხმებულია. “მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“ – აცხადებს ის.
ვაინშტეინის ადვოკატება გაზეთ Wall Street Journal–ს განუცხადეს, რომ შეთანხმების მთლიანი თანხა ყველა სამოქალაქო სარჩელზე დაახლოებით 44 მილიონ დოლარს შეადგენს. თუმცა სამოქალაქო სარჩელების დარეგულირება ვერ მოახდენს გავლენას სისხლის სამართლის საქმეზე, რომელც ნიუ იორკის პროკურატურამ ვაინშტეინის წინააღმდეგ აღძრა. სასამართლო ამ საქმეზე ივნისში გაიმართება.

ფოტოზე: ქალების ნაწილი, რომლებმაც პროდიუსერი ძალადობაში დაადანაშაულეს: გვინეტ პელტროუ, ანჯელინა ჯოლი, კარა დელევინი, მირა სორვინო, როზანა არტეკი, ლეა სეიდუ

ვაინშტეინის დაცემა

პროდიუსერის მიერ გადაღებული ფილმები ათწლეულების განმავლობაში იღებდნენ ოსკარის ჯილდოებს. მათ შორის: “შეყვარებული შექსპირი,“ “მეფე ლაპარაკობს“, “არტისტი“.
ვაინშტაინი იდგა სტუდია Miramax –ის სათავეებთან ჯერ კიდევ 1970–იან წლებში და ჰოლივუდის ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა.მთლიანობაში მისი პროდიუსერობით გადაღებულმა ფილმებმა 81 ოსკარი მიიღეს სხვადასხვა ნომინაციაში.
თუმცა ჰოლივუდის კულუარებში მრავალი წლის მანძილზე დადიოდა ხმები, მისი მოღვაწეობის ბნელი მხარის შესახებ. მსახიობ ქალებს ეშინოდათ “მის დივანზე მოხვედრა“, რომელიც კასტინგების დროს გამოიყენებოდა. ზოგიერთ ტელესერიალში ჰარვის რეპუტაციაზე მინიშნებებიც კი მოხვდა.
2017 წელს New York Times –ის სტატიაში პირველად გამოქვეყნდა ძალადობის და შევიწროების მრავალრიცხოვანი ეპიზოდების დეტალები. ამ სტატიაში ათობით ქალმა სახელგანთქმული კინომოღვაწე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.ერთ ერთი პირველი საჯარო ბრალმდებლები მსახიობები როუზ მაკგოუენი და ეშლი ჯადი იყვნენ.
ბრალდებები 1992 წლის მოვლენებიდან იწყებოდა. ქალები ყვებოდნენ, როგორ პატიჟებდა მათ პრდიუსერი საქმიან ლანჩზე საკუთარ ნომერში, იქ შიშველ ტანზე შემოცმული ხალათით ხვდებოდა და მათგან მასაჟის გაკეთებას ითხოვდა.ზოგ შემთხვევაში ის პორტიეს ნომრის გასაღებს ართმევდა და ქალებს სასტუმროს მათივე ნომერში უვარდებოდა. ზოგი მსახიობი ყვებოდა, რომ მათ მოახერხეს “მსუქანი და მძიმე“ პროდიუსერის მორევა და გაქცევა, ზოგმა კი განაცხადა რომ პროდიუსერმა გააუპატიურა.ასეთი ისტორია ათეულობით იყო.
თავიდან ვაინშტეინმა განაცხადა, რომ გამოცემას უჩივლებდა, თუმცა საბოლოოდ ბოდიშის შემცველი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღიარა, რომ თავის ცხოვრებაში “ბევრი ტკივილი მიაყენა“ სხვებს. თუმცა სექსუალური შევიწროება და ძალადობა პირდაპირ არ აღიარა.
ვაინშტეინთან დაკავშირებით დაწყებულმა სკანდალმა გლობალური მაშტაბი მიიღო და მოძრაობა #MeToo გამოიწვია.
3 ივნისს ნიუ იორკში სასამართლო პროცესი დაიწყება. ვაინშტეინს სექსუალური ძალადობის 5 ეპიზოდში ედება ბრალი. დაზარალებულია ორი ქალი. თუ ვაინშტეინი დამნაშავედ ცნეს, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.