ვაშინგტონი პირველი შტატი გახდა აშშ–ში, რომელმაც გარდაცვლილი ადამიანის ცხედრის კომპოსტად გარდაქმნა დააკანონა. ახალი კანონის მიხედვით შტატის მაცხოვრებლებს უკვე შეუძლიათ საკუთარი გარდაცვალების შემდეგ მათი სხეულის განკარგვის ეს მეთოდი აირჩიონ, რომელიც მათ ნიადაგად აქცევს. კანონს შტატის გუბერნატორმა, ჯიიმ ინსლიმ 21 მაისს მოაწერა ხელი.
კანონს კატრინა სპეიდი ლობირებდა, რომლის კომპანია Recompose –მა ადამიანის სხეულის ნაყოფიერ კომპოსტად გარდაქმნის ტექნოლოგიები აითვისა.
რა არის კომპოსტი
დღეისათვის ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებისა და ამაღლების უამრავი ბუნებრივი საშუალება და მეთოდი არსებობს. მათ შორის ყველაზე, ფართოდ გავრცელებული და დანერგილი მეთოდია კომპოსტირება.
კომპოსტირება წარმოადგენს ბიოქიმიურ პროცესს, რომლის საშუალებითაც ორგანული ნარჩენები გარდაიქმნებიან ჰუმუსის მსგავს პროდუქტად, რომელიც გამოიყენება ნიადაგის ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად. კომპოსტი ორგანული ნაერთია, რომელიც მიკრობული დაშლის შედეგად მიიღება და წარმოადგენს მაღალი ხარისხის ბიოლოგიურ სასუქს. კომპოსტი შეიძლება დამზადდეს ინდივიდუალურად სახლებში, საოჯახო, საბაღე და ფერმერულ მეურნეობებში. კომპოსტირებისთვის სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმებს და ორგანულ ნაერთებს იყენებენ. ადამიანის სხეულს იგივე ტექნოლოგიით აკომპოსტირებენ.
ტექნოლოგიის მიხედვით სხეული ექვსკუთხედ ფოლადის კონტეინერში იდება, რომელიც ლიუცერნით, ნახერხით და თივით არის სავსე. ამის შემდეგ კონტეინერს ხურავენ და სხეული ბუნებრივი გზით 30 დღეში იხრწნება. შედეგად მიიღება კომპოსტი.პროცედურის ბოლოს კომპოსტს გარდაცვლილის ახლობლებს გადასცემენ. მათ შეუძლიათ ის ხეების, ბოსტნეულის, ყვავილების გადასარგავად გამოიყენონ.
გარდაცვლილი ადამიანების კომპოსტად გარდაქმნა ტრადიციული დაკრძალვის და კრემაციის უფრო ეკოლოგიურ ვარიანტად მკვიდრდება. ეს მეთოდი შესაძლოა დიდ ქალაქებში სასაფლაოების ადგილის პრობლემის მოგვარების გზადაც იქცეს.
სპეიდი ამ მეთოდს ბალზამირების, დაკრძალვის და კრემაციის ალტერნატივას უწოდებს, რომელიც “ბუნებრივი, უსაფრთხო და ეკოლოგიურია.“ მისი აზრით ეს მეთოდი მიწის მოხმარებას და ნახშირბადის გამოყოფას შეამცირებს.
ეკოლოგიური დაკრძალვა
დაკრძალვის ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივები მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი მსახიობი, ლუკ პერი კალიფორნიაში “სოკოს კოსტუმში“ დაკრძალეს. როგორც კოსტუმის შემქმნელი, ჯეი რიმ ლი ამტკიცებს, დაკრძალვის ასეთი ტექნოლოგია ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობას ამცირებს, რომლებიც გარემოში სხეულის გახრწნის და კრემაციის პროცესში გამოიყოფა.
შვედეთში უკვე დაკანონებულია გარდაცვლილი ადამიანის კომპოსტად გარდაქმნა, დიდ ბრიტანეთში კი დაშვებული დაკრძალვა კუბოს გარეშე ან ბოიდეგრადირებადი მასალებისგან დამზადებული კუბოთი.