ერთიანი ნაციონალური მოძრაობა Facebook-ის მიერ მათთან დაკავშირებული ანგარიშების ქსელის გაუქმებას ეხმიანება და ამბობს, რომ ისინი არ მართავდნენ და არც მომავალში აპირებენ არაიდენტიცირებადი გვერდებით ოპერირებას, რადგან ასეთი მეთოდით პოლიტიკის კეთება მიუღებელია.
პარტიის განცხადებით, მათი პრინციპია ,,ქართული ოცნების” ფეიკ კამპანიას დაუპირისპირონ თანმიმდევრული და მკაფიო გეგმა, როგორ გაოიყვანონ ქვეყანა არსებული რთული მდგომარეობიდან.
,,სწორედ ნაციონალური მოძრაობა და პარტიის ლიდერები არიან მსგავსი გვერდების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არც მართავდა, არც მართავს და არც მომავალში აპირებს არაიდენტიფიცირებადი გვერდებით ოპერირებას. ჩვენთვის მსგავსი მეთოდებით პოლიტიკის კეთება მიუღებელია. მხარს დავუჭერთ ყველა რადიკალურ ღონისძიებას, რომელიც შეზღუდავს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას სოციალურ ქსელში. ნებისმიერი ასეთი გვერდი, მიუხედავად იმისა, რა პოზიციას იკავებს ამ გვერდის ადმინისტრატორი, უნდა გაუქმდეს.
ჩვენი უმთავრესი პრინციპია – საჯარო, გამჭვირვალე, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური აქტივობებით დავამარცხოთ ქართული ოცნება სამართლიან არჩევნებში და ხელისუფლების აგრესიულ ფეიკ კამპანიას დავუპირისპიროთ ჩვენი თანმიმდევრული და მკაფიო გეგმა, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა არსებული რთული მდგომარეობიდან”,- წერია ნაცმოძრაობის განცხადებაში.
ენმ პარტიებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმისგან.
,,ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ საქართველოში ფეიკ ინფორმაციის და სიძულვილის გაღვივების წყაროები ლაშა ნაცვლიშვილის, კოკა ყანდიაშვილის და შალვა რამიშვილის ავტორობით, ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაცია და მეორე მხრივ, ქართული ოცნება არიან”,- აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
ცნობისთვის, უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ Facebook-მა საკუთარ განცხადებაში , საქართველოს კონტექსტში, ერთადერთი პარტია, ნაციონალური მოძრაობა ახსენა და შესაბამისად, მათი ანგარიშები წაშალა, ხოლო კოკა ყანდიაშვილს ,,ქართულ ოცნებასთან” კავშირი არ აქვს.
მას ყოფილმა თანაგუნდელმა, თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ კოკა ყანდიაშვილი წლების განმავლობაში ,,ქართული ოცნების” ოფისში მუშაობდა და მას ყოველდღე ხედავდა.
Facebook-მა კოკა ყანდიაშვილის სააგენტო ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა.
Facebook-მა ასევე გააუქმა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.