ყანდიაშვილი წლების განმავლობაში ,,ოცნების” ოფისში მუშაობდა, მელანდებოდა თურმე – ჩუგოშვილი

უმრავლესობის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ კოკა ყანდიაშვილი წლების განმავლობაში ,,ქართული ოცნების” ოფისში მუშაობდა და მას ყოველდღე ხედავდა.

,,ძალიან გაკვირვებული ვარ, ამის გარდა ყველაფერს ველოდი, რაზეც მამუკამ ისაუბრა, მუშაობდა იქ ადამიანი და ვხედავდი და მართლა სიტყვებს ვერ ვპოულობ, რა უნდა ვთქვა. როდესაც მუშაობს ადამიანი, ფაქტია, იქ არის და უცებ აღმოჩნდა, რომ თურმე მელანდებოდა ამ წლების განმავლობაში, ამას არ ველოდი ნამდვილად”,- ამბობს ჩუგოშვილი მდინარაძის განცხადებაზე.

მდინარაძემ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ Facebook-მა საკუთარ განცხადებაში , საქართველოს კონტექსტში, ერთადერთი პარტია, ნაციონალური მოძრაობა ახსენა და შესაბამისად, მათი ანგარიშები წაშალა, ხოლო კოკა ყანდიაშვილს მმართველ პარტიასთან კავშირი არ აქვს.

,,ქართულ ოცნებასთან მას ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება, ან რაიმე დავალება მის მიმართ ქართული ოცნებიდან, ასეთი რამე არ ფიქსირდება და ვერც დაფიქსირდება. ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება ბუნებაში და ბუნებრივია ეს ვერც ფეისბუქმა მიუთითა, რადგან ასეთი კავშირი არ არსებობს”, — განაცხადა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, Facebook-მა კოკა ყანდიაშვილის სააგენტო ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა.

Facebook-მა ასევე გააუქმა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.