Facebook-მა ენმ-სთან დაკავშირებული გვერდები წაშალა, ყანდიაშვილს ,,ოცნებასთან” კავშირი არ აქვს – მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ Facebook-მა საკუთარ განცხადებაში , საქართველოს კონტექსტში, ერთადერთი პარტია, ნაციონალური მოძრაობა ახსენა და შესაბამისად, მათი ანგარიშები წაშალა.

“FACEBOOK-ს განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ყალბი ანგარიშების სამიზნეს წარმოადგენდნენ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, მმართველი პარტია და კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობის ძალისხმევა და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში იმისათვის, რომ მივწვდეთ თითოეულ ადამიანს, ვინც ზიანი მიიღო პანდემიის დრო”, – ამბობს მდინარაძე.

მისი მტკიცებით, კოკა ყანდიაშვილს, რომლის სააგენტო ეSპერსონასთან დაკავშირებული ანგარიშები ფეისბუქმა წაშალა, ,,ქართული ოცნებასთან” კავშირი არ აქვს.

“მას [კოკა ყანდიაშვილს], როგორც ცნობილი ხდება ჩვენთვის და ვიცით, ჰქონდა ესპერსონას სააგენტო და ოპერირებდა მედიასივრცეში და მათ შორის ფეისბუქსივრცეში. ქართულ ოცნებასთან მას ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება, ან რაიმე დავალება მის მიმართ ქართული ოცნებიდან, ასეთი რამე არ ფიქსირდება და ვერც დაფიქსირდება. ასეთი მტკიცებულება ვერ იქნება ბუნებაში და ბუნებრივია ეს ვერც ფეისბუქმა მიუთითა, რადგან ასეთი კავშირი არ არსებობს”, — განაცხადა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, Facebook-მა კოკა ყანდიაშვილის სააგენტო ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა.

Facebook-მა ასევე გააუქმა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.