თიბისი კაპიტალმა მეოთხედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და ბიზნესსექტორებზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2020-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით.
თიბისი კაპიტალის სცენარის მიხედვით, 2021 წელს ეკონომიკის კრიზისამდელ მაჩვენებელთან დაბრუნებაა მოსალოდნელი. ეროვნული ბანკი გააგრძელებს სავალუტო ინტერვენციებს, ვინაიდან სავალუტო შემოდინებების დანაკლისი მთავრობის მიერ მოზიდული სახსრებით საკმარისად კომპენსირდება და არსებული ინტერვენციების შემდეგ, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები არათუ მცირდება, არამედ იზრდება კიდეც. სავალუტო ინტერვენციები ასევე აუცილებელია ინფლაციის მიზნობრივ დონემდე შემცირებისათვის.
კვლევის მიხედვით, საქართველოში ტურიზმის სექტორის აღდგენა მომავალი წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება. კრიზისამდელ მაჩვენებელს კი სექტორი 2022 წლიდან დაუბრუნდება.
2020 წლის პირველ 8 თვეში, ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი ფართის ბინები გაიყიდა. აღნიშნულ პერიოდში დედაქალაქში სულ 16 000 ბინა გაიყიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 8 000 ბინით, ანუ 34%-ით ნაკლებია. ძველი ბინების ფასები დოლარში კლებას აგრძელებს, ახალი ბინების ფასი კი აგვისტოში გაიზარდა, რაც ამ სეგმენტში მოთხოვნის დაბრუნებას უკავშირდება.
კომერციული უძრავი ქონების სექტორში გამოკითხულ კომპანიებს შორის, სავაჭრო მოლებში შემოსავლების მეტი კლება ფიქსირდება, ვიდრე საცალო სავაჭრო ობიექტებზე გაქირავებულ ფართებში. წლის განმავლობაში, სექტორში დოლარში საიჯარო შემოსავლის 20-25%-ით კლებაა მოსალოდნელი.
მშენებლობის სექტორში 2020 წლის მეორე კვარტალში დიდი კლება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბრუნვაში დაფიქსირდა, ინფრასტრუქტურის მშენებლობამ კი მეტი მდგრადობა შეინარჩუნა. წლის მანძილზე სამშენებლო სექტორის ჯამური ბრუნვის წ/წ 15%-ით შემცირებაა მოსალოდნელი.
ორგანიზებული ბაზრის წილის ზრდის ფონზე მოსალოდნელია, რომ FMCG სექტორმა 2020 წელს 2019 წლის დონე შეინარჩუნოს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ თებერვალ-მარტის პერიოდთან შედარებით, ხელფასის მიმღებთა პროცენტულად ყველაზე მკვეთრი შემცირება გართობის, პროფესიული მომსახურებისა და HORECA სექტორებში შეინიშნება, თუმცა რაოდენობრივად ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორია შემცირებული.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა წლიურად 2%-ით, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 5%-ით შემცირდა. კლება მეტწილად დაბალანაზღაურებადი სეგმენტის (<1200 ლარი) შემცირებითაა განპირობებული. მაშინ, როდესაც სხვა საშემოსავლო კატეგორიებში დასაქმებულთა რაოდენობა თებერვალთან შედარებით ზრდის დინამიკას აჩვენებს.
თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი ანალიზი ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: Tbccapital.ge