ყაზბეგი ტურისტულად ერთერთი ყველაზე აქტიური და მიმზიდველი მხარეა.
საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტები აქაურობას ზამთრის სეზონზეც
სტუმრობენ და ზაფხულშიც ირჩევენ დასასვენებელ ადგილად. მოთხოვნა
დასასვენებელ ინფრასტრუქტურაზე წლიდან წლამდე იზრდება.
„ყაზბეგი ჯგუფის“ დამფუძნებლებმა გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად,
სტეფანწმინდაში სასტუმროს აშენება გადაწყვიტეს. თიბისის მხარდაჭერით, სასტუმროს
მშენებლობა პანდემიის პერიოდშიც გაგრძელდა და ამჟამად უკვე მოსაპირკეთებელი
სამუშაოები და სასტუმროს აღჭურვა მიმდინარეობს.
„ჩვენს მხარეში კონკურენცია დღითიდღე მატულობს, ბევრი ახალი სასტუმრო აშენდა,
ბევრიც ამჟამად შენდება. ჩვენ ვეცდებით, რომ მომხმარებელს ხარისხიანი სერვისი
შევთავაზოთ შეღავათიან ფასად. გათვლა გვაქვს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ
ტურისტებზე, ვისაც სურს, რომ ბიუჯეტურად დაისვენოს,“ – ამბობს „ყაზბეგი ჯგუფის“
დამფუძნებელი სტეფანე წიკლაური.
სასტუმროში 13 ნომერი განთავსდება და 30-მდე სტუმრის მიღებას შეძლებს. სტუმრებს
გიდის მომსახურებას და საცხენოსნო ტურებს შესთავაზებენ. სამომავლოდ კი,
დაგეგმილი აქვთ საკონფერენციო სივრცის მოწყობა, რათა კორპორატიული კლიენტების
მომსახურებაც შეძლონ.
„ყაზბეგი ჯგუფი“ მშენებლობის პროცესს 2 თვეში დაასრულებს, ზამთრის სეზონზე კი
სასტუმრო პირველ სტუმარს მიიღებს.