პლანეტაზე სიცოცხლე ჩაკვდა. ნორმალურ რიტმში დაბრუნება, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია, იმაზე ძვირი დაჯდება, ვიდრე ოდესმე ნებისმიერი ომისშემდგომი კრიზისი დაჯდა.
საბოლოო ზარალის და ხარჯების დათვლამდე ჯერ შორია, თუმცა დასავლეთის ქვეყნებმა უკვე დაიწყეს ავანსის გაღება ეკონომიკის მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის. საქმე ეხება ტრილიონობით დოლარს.
დასავლეთში პანდემიას პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია. სწორედ მის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაღარიბდებიან ადამიანები. ქვეყნების უმრავლესობაში კარანტინი ერთი–ორი კვირაა გრძელდება, ხელისუფლება კი ხალხს აფრთხილებს, რომ ის ამა თუ იმ ფორმით შესაძლოა ნახევარ წელს გაგრძელდეს.
უბედურების მაშტაბი დაახლოებით შეგვიძლია შევაფასოთ, თუ გადავხედავთ რამხელა თანხის დახარჯვის პირობას დებენ ამ საწყის ეტაპზე მდიდარი ქვეყნების ხელისუფლებები ეკონომიკის რეანიმაციისთვის.
თანხები გიგანტური, უპრეცედენტო და შემაშფოთებელია. აშშ–მ 2 ტრილიონიანი ანტიკრიზისული პაკეტი დაამტკიცა. ევროპამ ჯერჯერობით ნახევარი ტრილიონი გადადო, თუმცა ბევრად მეტის გაღებას აპირებს. მთლიანობაში დიდი ოცეულის ქვეყნები მარტის ბოლომდე 5 ტრილიონი დოლარის გამოყოფის პირობას დებენ კრიზისთან საბრძოლველად. ეს მსოფლიო ეკონომიკის წლიური მოცულობის დაახლოებით 6%–ს შეადგენს.
წინა კრიზისებისგან განსხვავებით საუბარია არა ცენტრობანკების მიერ ახალი ფულის დაბეჭდვაზე, არამედ უკვე არსებული ფულის გადანაწილებაზე საზოგადოების ისედაც შემცირებადი შემოსავლებით ყველაზე მეტად დაზარალებულების დასახმარებლად.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, უნდა გაღარიბდეს ყველა და არა მხოლოდ ნაწილი. ის, ვინც გადარჩება, მათ მაგივრადაც გადაიხდის, ვინც კრიზისს ვერ გადაურჩება. ამ ბრძოლაში გამარჯვებულები არ იქნებიან.
“ახლა უკვე ნათელია, რომ მსოფლიო რეცესიაში იძირება. ის კიდევ უფრო უარესი იქნება, ვიდრე 2009 წლის კრიზისი იყო.“– ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფოონდის ხელმძღვანელი კრისტალინა გეორგიევა.
ის არ გამორიცხავს, რომ 2021 წელს გაუმჯობესება იქნება, თუ პანდემიის მოთვინიერება მოხერხდება და მის მიერ მიყენებული ზიანი შედარებით გამოსწორდა, თუმცა ამისათვის მისი აზრით საჭიროა გაკოტრებების და სამსახურიდან დათხოვნების ტალღა შეჩერდეს, რაც არა მხოლოდ ეკონომიკის აღდგენას ემუქრება, არამედ საზოგადოებრივ თანხმობასაც. ეს კი ძალიან ძვირი დაჯდება.
კორონავირუსმა ზოგი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში ხარვეზები, ზოგან კი სრული კრახი აღმოაჩინა. პირველი გადაუდებელი ხარჯები სწორედ ამ მიმართულებით წავიდა: დროებითი საავადმყოფოები, ნიღბების და აღჭურვილობის სასწრაფოდ შესყივდვა, პერსონალის აყვანა. როცა ეპიდემია ჩაივლის ბევრ ქვეყანას ამ პანდემიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად სერიოზულად მოუწევს მუშაობა. თუმცა, ფული ამისთვის არ იქნება, თუ ეკონომიკური აქტივობა არ აღდგება, ადამიანები და ბიზნესი არ გადარჩებიან და გადასახადების გადახდას არ გააგრძელებენ. ამიტომაც, თავდაპირველად მათი მხარდაჭერა იქნება საჭირო: სუბსიდიებით, საგადასახადო არდადეგებით, რეგულაციების შემსუბუქებით და თანხების პირდაპირი გაცემით.
ყოველ ქვეყანას ამ მხრივ საკუთარი რეცეპტი აქვს. ასე გამოიყურება დაახლოებით სხვადასხვა ქვეყნების მიერ გამოცხადებული ანტიკრიზისული ზომების სია:
- თითქმის ყველა ქვეყანამ დაიწყო საპარიკმახეროების, ტაქსისტების, დიზაინერების და რესტორატორების დახმარებით. მცირე ბიზნესს, ინდმეწარმეებს და თვითდასაქმებულებს გრანტებს და შეღავათიან კრედიტებს სთავაზობენ.
- თანხების პირდაპირი გადაცემა: ყოველი ამერიკელი 1200 დოლარს მიიღებს ნაღდი ფულის სახით. ხელისუფლება ბერძნებსა და იაპონელებსაც სთავაზობს საჩუქრებს.
- შეღავათიანი კრედიტები გაჭირვებაში ჩავარდნილებისთვის და კომპანიების გამოსყიდვა ყველაზე დაზარალებულ სფეროებში. სიის სათავეში ავიაცია და ტურიზმი არიან, თუმცა სია ყოველდღიურად ივსება.
- საგადასახადო არდადეგები: გადასახადების და სოციალური მოსაკრებლების გადავადება კომპანიებისა და ინდმეწარმეებისთვის.
- შემწეობის გაზრდა უმუშევრობისთვის და შემსუბუქებული კრიტერიუმები შემწეობის მიმღებთა სიაში მოსახვედრად. მაგალითად, ირლანდიამ პირობა დადო, რომ ყველას, ვინც პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგა კვირაში 350 ევროს გადაუხდის რამდენიმე თვის განმავლობაში.
- საკრედიტო არდადეგები: გადახდების გადავადება კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის.
- საბიუჯეტო დოტაცია ფირმების თანამშრომლებისთვის, რომლებიც კარანტინის გამო გაჩერდნენ. ჩეხეთში, ნიდერლანდებში და დიდ ბრიტანეთში ხელისუფლებებმა პირობა დადეს კერძო ბიზნესის თანამშრომლებს რამდენიმე თვის განმავლობაში ხელფასის 80–90% გადაუხადონ.
- დანახარჯების კომპენსაცია პერსონალის შემცირებისთვის, რათა კომპანიებმა შეძლონ თანამშრომლებისთვის რამდენიმე თვე ხელფასის გადახდა და არ გახდნენ იძულებულნი ისინი ყოველგვარი თანხის გადახდის გარეშე სამსახურებიდან გაუშვან.
- ანაზღაურებადი შვებულებები ბავშვების მოვლისთვის, რათა მშობლებმა არ იჩქარონ სამსახურში გასვლა, სანამ სკოლები დაკეტილია. საფრანგეთში მაგალითად მშობლებს ორკვირიან ასეთ შვებულებას სთავაზობენ ბიუჯეტის ხარჯზე.
- ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად შვეიცარია კონფერენციების და სხვა ღონისძიებების ჩაშლით გამოწვეული ზარალის კომპენსაციასაც ახდენს.
ეს ზომები ტრილიონობით დოლარი დაჯდება და ეს თანზები ქვეყნებს ვალად დაედება, მისი გადახდა კი მომავალ თაობებს მოუწევთ. თუმცა, ხელოვნური სუნთქვის გარეშე ბიზნესი და მოსახლეობა რომ კორონავირუსის ეპიდემიას ვერ გადაიტანს, ამაზე ყველა თანხმდება.
ბიბისი მდიდარი ქვეყნების კლუბის მთავარი ეკონომისტის, ლორანს ბუნის კომენტარს აქვეყნებს, რომელიც ამბობს, რომ ამჟამინდელი კრიზისი ყველაზე სერიოზული და მაშტაბურია ჩვენს მეხსიერებაში და ამჯერად პრობლემა არ არის ლიკვიდურობის კრიზისი, არამედ მთავარი პრობლემა ვირუსია:
“ფაქტიურად ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული კრიზისის ზღვარზე ვართ. თუ ეპიდემიას რამდენიმე თვეში არ დავიმორჩილებთ და ის მომავალ ზამთარსაც დაბრუნდება, მსოფლიოში ვერცერთი ეკონომისტი ვეღარ იწინასწარმეტყველებს, რით შეიძლება ეს დამთავრდეს“– ამბობს ის.
ჯერჯერობით ვირუსთან ბრძოლაში აშშ–ს ვერავინ შეედრება. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყანა ინფიცირებულთა რაოდენობითაც პირველ ადგილზეა. ტრამპის მიერ გამოხატული საჯარო სკეპტიციზმის მიუხედავად ქვეყანა ეპიდემიას სერიოზულად მიუდგა. კონგრესმა ეკონომიკის რეანიმაციისთვის 2 ტრილიონი დოლარი გამოყო. ნახევარ ტრილიონს აქედან მსხვილი და საშუალო ბიზნესი მიიღებს, 350 მილიარდს წვრილ მეწარმეებს დაურიგებენ შეღავათიანი კრედიტების სახით. 300 მილიარდი დოლარი კი ამერიკელებს დაურიგდებათ. ამდენივე დაიხარჯება შემწეობების გადასახდელად მათთვის, ვინც ვირუსის გამო სამსახური დაკარგა.
მიუხედავად უზარმაზარი ანტიკრიზისული პაკეტისა, თეთრი სახლი არ გამორიცხავს, რომ მომავალში უფრო მეტის გაღებაც მოუწევს.
კონგრესის მიერ მოწონებული პაკეტი ამერიკის წლიური მშპ–ს დაახლოებით 10%–ს შეადგენს. სხვა ქვეყნებბი ჯერჯერობით შედარებით მოკრძალებულ თანხებს გამოყოფენ, თუმცა ზოგიერთმა თანაზომადი თანხები უკვე გამოყო.
მსოფლიოს მეორე უმსხვილესმა ეკონომიკამ – ევროკავშირმა ჯერჯერობით სტიმულირების ერთობლივ ზომებზე შეთანხმება ვერ შეძლო, თუმცა ნაციონალურ დონეზე უკვე უზარმაზარი თანხები გამოიყოფა.
გერმანიამ 150 მილიარდი ევრო გამოყო, რაც მისი წლიური მშპ–ს 4.5%–ს შეადგენს და პირობა დადო, რომ საჭიროების შემთხვევაში ანტიკრიზისულ პაკეტს 800 მილიარდ ევრომდე გაზრდის, რაც გერმანიის ეკონომიკის მეოთხედია.
საფრანგეთი ყველაზე გულუხვი აღმოოჩნდა. ის მზად არის 350 მილიარდი ევრო – მისი წლიური მშპ–ს 15% გამოყოს. იტალიამ 25 მილიარდი ევრო გადადო, ესპანეთმა კი 10 მილიარდი. ეს მათი ეკონომიკების მცირე წილია. ნიდერლანდები უახლოეს სამ თვეში 20 მილიარდი ევროს დახარჯვას აპირებს, რაც მისი ეკონომიკის 2%–ს შეადგენს. დაახლოებით ამდენივე გამოყვეს დანიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, ირლანდიამ და ჩეხეთმა. ავსტრიამ, საბერძნეთმა, შვედეთმა და ესტონეთმა გადაწყვიტეს მოვლენათა უარესი განვითარებისთვის თავიდანვე მოემზადონ და საკუთარი მშპ–ს 5–დან 10%–მდე გამოყვეს ახალ კრიზისთან საბრძოლველად.
ანალოგიურად მოიქცნენ სხვა განვითარებული ქვეყნები, ავსტრალიის, კანადის და ისრაელის ჩათვლით. იაპონია კი ჯერჯერობით ზარალს ითვლის და კომპენსაციებს აფორმებს.