კორონავირუსი ნერვულ სისტემასაც აზიანებს. რა ცოდნა დაგროვდა ამ დროისთვის  ორგანიზმზე მისი ზემოქმედების შესახებ

Covid19–ით გამოწვეული გართულებები მხოლოდ სასუნთქი გზების ინფექციით არ შემოიფარგლება.

როგორც პრაქტიკული კვლევები აჩვენებს, პაციენტების მნიშვნელოვან ნაწილს ვირუსი ნერვულ სისტემას უზიანებს.

მისი ზემოქმედების მექანიზმი ნერვულ უჯრედებზე ჯერჯერობით შესწავლილი არ არის, თუმცა მეცნიერებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ რაღაც კავშირი არსებობს: ყნოსვის და გემოს დროებითი დაკარგვა კოვიდ19–ის სპეციფიურ სიმპტომებად ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში აღიარეს.

გარდა ამისა, ცხვირხახიდან ვირუსს შეუძლია პირდაპირ თავის ტვინში შეაღწიოს, ამას კი თავის მხრივ მთელი რიგი გართულებების პროვოცირება და პრაქტიკულად ნებისმიერი ორგანოს ნორმალური მუშაობის დარღვევა შეუძლია.

შესაძლო თანმდევი დაავადებების სია გრძელია: საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებიდან დაწყებული სისხლძარღვების შევიწროებით და გულის უკმარისობით თუ ენცეფალიტით დამთავრებული.

 

ეპიდემიის დაწყებიდან ოთხი თვის თავზე მეცნიერებისთვის კვლავ ცოტაა ცნობილი სარს კოვ2–ის ვირუსზე და ადამიანის ორგანიზმზე მის ზემოქმედებაზე.

ინფექციის ზოგადი სურათი ნაწილ–ნაწილ გრვოდება, ასობით სტატიიდან და სამცენიერო ჟურნალებიდან, სადაც ექიმები მთელი მსოფლიოდან კორონავირუსიანი პაციენტების მკურნალობის გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ.

შედეგად, სულ უფრო ფართოვდება კოვიდ19–ის შესაძლო სიმპტომების სია და ჩვენი წარმოდგენა იმის შესახებ, რომელი ორგანოები შეუძლია კიდევ დააზარალოს ვირუსს და რა გართულებები შეიძლება მოყვეს მას პნევმონიის გარდა.

ყველაზე ხშირად ექიმები ნერვული სისტემის დარღვევებს აღწერენ. ორმა კვლევამ, რომელთაგან ერთი საფრანგეთში, მეორე კი ჩინეთში ჩატარდა დაასკვნა, რომ ნევროლოგიური სიმპტომები ამა თუ იმ ფორმით დაინფიცირებულთა მესამედზე მეტს აღენიშნება.

თუმცა, მთლიანობაში ახალი ინფექცია განსხვავდება მრავალმხრივი და უფრო ინდივიდუალური მიდგომით.

ახალი კორონავირუსის შესაძლო გართულებათა სიაში, რომლებსაც მედიკოსები პრაქტიკაში შეეჯახნენ, არის კუჭნაწლავის ტრაქტის პრობლემები, გულის პრობლემები და სისხლის შედედების დარღვევა.

ნერვულ სისტემასაც ვირუსი სრულიად სხვადასხვაგვარად აზიანებს – საქმე მხოლოდ შერძნებების დროებით დაჩლუნგებას არ ეხება.

კორონავირუსის გვერდით მოვლენებს შორის აღწერილია ენცეფალიტის, ანუ ტვინის ანთების რამდენიმე შემთხვევა, ასევე გიიენ ბარეს სინდრომი, როცა პაციენტის იმუნური სისტემა საკუთარ ნერვულ უჯრედებს უტევს, რაც კუნთების სისუსტეს, მძიმე შემთხვევებში კი პარალიჩს იწვევს.

ამერიკელი მედიკოსები შეშფოთებულნი არიან ცნობებით იმის შესახებ, რომ მხოლოდ ნიუ იორკში ორ კვირაში კორნავირუსიან პაციენტებში მწვავე ინსულტის 5 შემთხვევა დაფიქსირდა, თანაც შედარებით ახალგაზრდებში, რომელთა ასაკი 50 წლამდე იყო. მათ კოვიდ19–ის სიმპტომები მკაფიოდ გამოხატული არ ქონიათ.

 

წინასწარი მონაცემებით კორონავირუსმა ანთების გვერდითი ეფექტის სახით ამ პაციენტების მსხვილ სისხლძარღვებში ტრომბების გაჩენის პროვოცირება გამოიწვია, რამაც საბოლოო ჯამში ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა გამოიწვია.

თუმცა, ძირითადი ნევროლოგიური პრობლემები მაინც მძიმე პაციენტებში შეიმჩნევა. ასეთ შემთხვევებში ეს სიმპტომები ხანდახან პაციენტის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგაც რჩება.

რატომ არის გართულებები ასეთი მრავალფეროვანი?

ნერვული სისტემის მუშაობის დაზიანება ვირუსს როგორც არაპირდაპირ, ანუ იმუნური სისტემის მეტისმეტად გააქტიურებით შეუძლია, რომელსაც ციტოკინურ შტორმს ეძახიან, ასევე პირდაპირ. ეს დასკვნა კორონავირუსით გარდაცვლილთა ცხედრების გაკვეთის შედეგად გამოიტანეს.

გარდაცვლილთა ცხედრებში ვირუსის ნაწილაკები თავის ტვინშიც აღმოჩნდა. არის ვერსია, რომ ინფექცია იქ სასუნთქი გზებიდან  ცხვირის ყნოსვის რეცეპტორებით ხვდება.

ეს კორონავირუსის ერთგვარი უნიკალური თვისებაა. ტვინის ანალოგიური ინფექციის გამოწვევა მხოლოდ რამდენიმე სხვა ვირუსს შეუძლია, მათ შორის გრიპის და წითელას ვირუსებს, რაც ხანდახან, თუმცა ძალიან იშვიათად ასევე იწვევს ნევროლოგიურ დაავადებებს.

თუმცა, კოვიდ19–ის შემთხვევაში საქმე ცოტა უფრო რთულად არის. ჯერ ერით, დაინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 3 მილიონს გადააჭარბა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იშვიათი შემთხვევები რეალურ ციფრებში არც თუ ცოტაა. მეორე: თუ ვირუსი მაინც მოხვდა ტვინში, შემდგომი დაინფიცირება თითქმის გარდაუვალია: ტვინის უჯრედების ზედაპირზე იგივე მემბრანული რეცეპტორი ACE2 არსებობს, რომლის საშუალებით ვირუსი ადვილად აღწევს შიგნით და ანთებას იწვევს.

იგივე რეცეპტორი აქვთ სისხლძარღვების შიდა ზედაპირზე არსებულ უჯრედებს, ამიტომაც რთულ შემთხვევებში ვირუსი სასუნთქი ორგანოებიდან ორგანიზმის მთლიან სისხლის მიმოქცევაში ერევა. შედეგად, ტრომბული გართულებები კორონავირუსის პნევმონიით დაავადებულ ყოველ მესამე პაციენტში აღინიშნება.

სისხლთან ერთად კი ვირუსი ნებისმიერ ორგანოში შეიძლება მოხვდეს, მათ შორის ტვინში. თუმცა, ბოლო მონაცემებით დაინფიცირებულთა ნახევარს კორონავირუსი საერთოდ უსიმპტომოდ გადააქვს.

იმის გასარკვევად, რატომ იწვევს ზოგ ადამიანში კორონავირუსი მძიმე შედეგებს, ზოგან კი შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ბრიტანეთში რამდენიმე ათასი იდენტური ტყუპის  კვლევა ჩაატარეს.

წინასწარი მონაცემებით ინფექციის სიმძიმე, მისი ბევრი სიმპტომი და შესაძლოა, თავად დაინფიცირების ალბათობა ძლიერ არის დამოკიდებული გენეტიკურ ფაქტორებზე, ანუ მემკვიდრეობითობაზე.