თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელაში, თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმო – შპს „აგრითრეიდი“ გაიხსნა.
პროექტი თიბისისა და USAID-ის თანადაფინანსებით განხორციელდა და ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებს.
შპს „აგრითრეიდი“ თვეში 1000 ტონა გაუტეხავ თხილს გადაამუშავებს, რომელიც ექსპორტზე – ძირითადად ჩინეთში, ისრაელსა და მექსიკაში რეალიზდება. საწარმო ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბარებს.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერაა ინიცირებული. პროექტის მიზანია ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება.
თიბისის სოფლის მეურნეობის სექტორში ჯამურად 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული და ამ სფეროს დაფინანსების მიმართულებით ის ლიდერი ბანკია.