პირველ ქართულ ნეობანკ სფეისთან კოლაბორაციაზე AWS თავის ვებგვერდზე წერს

იდეის გაჩენიდან 8 თვეში, 2018 წელს პირველი სრულად ციფრული ბანკი – სფეისი გაეშვა. ამაში კრიტიკული როლი ითამაშა ამაზონის ვებ სერვისებმა, რომელსაც სფეისი ახლა უკვე ორი წელია იყენებს. ცოტა ხნის წინ, AWS-მა თავის ვებგვერდზე ე.წ. case study გამოაქვეყნა, რომელიც სფეისის მიერ მათი სერვისების გამოყენებას ეხება.

 

Amazon Web Services არის Amazon-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ფიზიკურ პირებს, ბიზნესებს და სახელმწიფო სტრუქტურებს სთავაზობს ღრუბლოვან კომპიუტერულ პლატფორმებსა და პროგრამულ ინტერფეისებს.  ამ სერვისების დახმარებით ააშენა სფეისმა ოპტიმალური ინფრასტრუქტურა და აწვდის მომხმარებელს 24 საათიან სტაბილურ მომსახურებას.

„წარსულში, არასამუშაო დროს საბანკო ტრანზაქციის შესრულება ფანტასტიკას უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალობას. დღეს კი მომხმარებლებს ამ სერვისებზე მყისიერი წვდომა აქვთ. ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ AWS-ის ღრუბლოვანი პლატფორმის დამსახურებით,”  – აცხადებს სფეისის გენერალური მენეჯერი, ლაშა გურგენიძე, – “ერთ თვეში უკვე 40,000 მომხმარებელი გვყავდა. დავამტკიცეთ, რომ შესაძლებელია მართო სრულად ციფრული ბანკი, ფილიალების გარეშე, მთლიანად ღრუბლოვანი სერვისებით გამოყენებით.“

“ნეობანკ სფეისის სერვისები: სესხები, დეპოზიტები, ბარათები – ყველაფერი სრულად ციფრულია. მაგალითად, ანგარიშის გახსნის პროცესში, საჭიროა ახალი მომხმარებლის იდენტიფიკაცია, ამაში სფეისი Amazon Rekognition-ის სახის ამოცნობის ფუნქციას იყენებს, რომ შეძლოს გადაღებული ფოტოს შედარება პასპორტის ან პირადობის ფოტოსთან.” – ნათქვამია სტატიაში.

“შიდა ინფრასტრუქტურის ასაშენებლად ყველა კომპონენტის მიღებას  შეიძლება 6 თვეზე მეტი დრო დასჭირდეს”, – ამბობს გურგენიძე. ”AWS– ის გამოყენებით კი, 6 წუთიც საკმარისია. ეს გაგვიადვილებს ახალ ბაზრებზე გასვლასაც, მაგალითად ამ წლის ბოლოს – გერმანიაში ექსპანსიას. ჩვენ უბრალოდ რამდენიმე დაწკაპუნებით შეგვიძლია საქართველოში შექმნილი ინფრასტრუქტურის კლონირება.“

სფეისი არის პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში. ბანკი – ფილიალებისა და ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც აპლიკაციის სახით მხოლოდ მობილურ ტელეფონებში არსებობს. სფეისის მიზანია, მომხმარებელზე ორიენტირებული, მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი საბანკო მომსახურების შექმნა, დიზაინსა და მომხმარებლებზე ზრუნვაზე განსაკუთრებული აქცენტით.