15.5 მილიონამდე ინფიცირებული; 631 000-ზე მეტი გარდაცვლილი; 9.3 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელებული – ასეთია დღეისთვის კოვიდ-19-ის სტატისტიკა. იმის მიუხედავად, რომ პანდემია მსოფლიოში უკვე 5 თვეზე მეტია მძვინვარებს, სპეციალისტებს ჯერჯერობით მაინც უჭირთ ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენად მომაკვდინებელია ახალი კორონავირუსი.
მითუმეტეს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა შეიძლება გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს. ზოგიერთი შეფასების მიხედვით, ახალი კორონავირუსი შეიძლება 10-ჯერ, 13-ჯერ მეტ ადამიანსაც კი ჰქონდეს, მაგრამ უსიმპტომობის გამო, მათ ამის შესახებ არც კი იცოდნენ.
დღევანდელი მოცემულობით, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მათთვის, ვისაც კოვიდ-19 დაემართება, სიკვდილის შანსი 0.5%-დან 3.4% -მდე შეიძლება იყოს. ეს ციფრები შეიძლება ერთი შეხედვით დაბალ მონაცემებად მოგეჩვენოთ. სინამდვილეში კი განსხვავება აქ მოყვანილ მინიმალურ და მაქსიმალურ პროცენტს შორის შეიძლება ისეთივე იყოს, როგორც ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლეს და მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს შორისაა.
სხვა ფაქტორებთან ერთად, ფატალობის პროცენტულ მონაცემზე დიდ გავლენას ახდენს ის სტატისტიკური მეთოდებიც, თუ როგორ ხდება სხვადასხვა ქვეყანაში მონაცემთა შეკრება და საერთაშორისო ბაზაში შეყვანა, რა პრინციპით ითვლიან ინფიცირებულებს და გარდაცვლილებს. უფრო დაზუსტებული მონაცემების მიღებას ხელს ისიც უშლის, რომ ჯერჯერობით ზუსტად ვერ გვეცოდინება, თუ საბოლოო ჯამში გლობალურად მოსახლეობის რა ნაწილი დაინფიცირდება.
იდეალურ შემთხვევაში, კოვიდ-19-ის ტესტი მთელი მსოფლიოს მოსახლეობამ უნდა აიღოს და შემდეგ უკვე ინფიცირებულებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებლით მოხდეს ფატალობის დაანგარიშება. ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. ამიტომ, ფატალობის კოეფიციენტის გამოსაყვანად, ჯერ უკეთესი მეთოდი არ არსებობს, ვიდრე მისი ინფიცირების და სიკვდილიანობის არსებული მაჩვენებლების მიხედვით გამოყვანაა.
ჯანდაცვის ბევრი სპეციალისტი ფიქრობს, რომ უნივერსალურ ტესტირებასთან ყველაზე ახლოს იყო იაპონიაში შეყოვნებული საკრუიზო ხომალდის “Diamond Princess Cruise” შემთხვევა. გემი რამდენიმე კვირის მანძილზე კარანტინში იმყოფებოდა და ანალიზი მასზე მყოფ თითქმის ყველა მგზავრს აუღეს. სიკვდილიანობის მაჩვენებელი გემზე 1.2%-ს არ აღემატებოდა.
იმის მიუხედავად, რომ საკრუიზო ხომალდი დასაკვირვებლად საინტერესო შემთხვევაა, ის მაინც ვერ იქნება ორიენტირი ფატალობის კოეფიციენტის განსაზღვრისთვის. მიზეზი კი ის არის, რომ ქვეყნებს შორის ჯანდაცვის ხარისხის და ხელმისაწვდომობის მხრივ, დრამატული განსხვავებებია, რაც უზარმაზარ გავლენას ახდენს სიკვდილიანობის მონაცემებზე.
ვირუსით სარს-კოვ-2 ინფიცირების შემდეგ, გართულების რისკებს ბევრი რამ განსაზღვრავს. მათ შორის ასახელებენ: სახელმწიფოში არსებულ ჯანდაცვის ხარისხს და ხელმისაწვდომობას, ადამიანის ასაკს, რასას, სოციალური ჯგუფს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, წონას, ცხოვრების წესს და ა. შ. აქედან ზოგიერთი ფაქტორი ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია.