უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა მოულოდნელია, თუმცა დიპლომატიურ საქმიანობაში ჩვეულებრივ ფაქტს წარმოადგენს.
საგარეო უწყების განცხადებით, სააკაშვილს რეფორმების განხორციელების დიდი გამოცდილება აქვს, რომელიც მსოფლიოშია აღიარებული, ამიტომ საქართველოს მოუწოდებენ, გაითვალისწინონ ეს არგუმენტები.
“ამ გადაწყვეტილებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავთ ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობისთვის. ჩვენ გადაკვეთის ბევრი წერტილი და საერთო გამოწვევა გვაქვს. ამავდროულად, ეპიდემიის დამარცხება და ეკონომიკის სტაბილიზაცია ყველა ევროპელის საერთო მიზნებს წარმოადგენს. ეს გამოწვევები უკრაინის ხელისუფლებისგან ახალი მიდგომებისა და არასტანდარტული გადაწყვეტილებების ძიებას ითხოვს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას აქვს რეფორმების განხორციელების დიდი გამოცდილება და მიღწევები, რომლებიც მსოფლიოშია აღიარებული. ამიტომ, მოვუწოდებთ ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს, გაითვალისწინონ ეს არგუმენტები.
ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არ უნდა იყოს დამოკიდებული უკრაინაში რეფორმების განხორციელებაზე. უკრაინა – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ჩვენი ხალხის ნებაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ყველა მხრივ განვავითაროთ”, – წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს ელჩის გამოძახებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულებაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ვერც ერთი სახელმწიფო მსოფლიოში უკრაინას ვერ მითუთებს, სად დანიშნოს საკუთარი მოქალაქე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა.
ამის გამო საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა. ამ ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი გამოეხმურა და შეცდომა უწოდა.