არც ის იქნება დიდი უბედურება, თუ ვერ მოხდა საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება – გოცირიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ამბობს, “არც ის იქნება დიდი უბედურება”, თუ მაჟორიტარებზე შეთანხმება ვერ შედგება.

თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ სჯობს, მნიშვნელოვან ოლქებში შეთანხმება მოხდეს.

“უამრავი პარტიაა, რომელსაც ახალი კონსტიტუციით, დაბალი ბარიერით გაუჩნდა შანსი ერთი დეპუტატის ძალიან მარტივად გაყვანისა, სულ რაღაც 15 000 ხმა სჭირდება და მათთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მაჟორიტარული, არამედ პროპორციულ სიაზე მუშაობა და 30-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენება.

რეალურად, საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს უწყობს ორიენტირებას პარტიულ სიაზე და არა – მაჟორიტარულ ოლქებზე. ესეც მოცემულობაა. არც ის იქნება დიდი უბედურება, თუ ვერ მოხდა ეს შეთანხმება, თუმცა სჯობს, რომ მნიშვნელოვან ოლქებში ეს მოხდეს”, – თქვა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, ევროპული საქართველო ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, შეთანხმების ერთგულები დარჩნენ. გიგა ბოკერიას იმედი აქვს, რომ ენმ-ს წევრებისა და მათთან დაკავშირებული პირების განცხადებები შეთანხმების ჩაშლის მომზადება არ არის. 

დავით ბაქრაძის თქმით, პირველ ტურში საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება ოპოზიციის გამარჯვებისთვის საკვანძო ელემენტია.

გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია, ამიტომ თუ შეთანხმება ვერ ხდება, პარტიებმა საჯაროდ უნდა ახსნან, რატომ ვერ ხდება და რა შეიცვალა. 

ლეიბორისტების ლიდერის, შალვა ნათელაშვილის პოზიციაა, რომ პირველ ტურში 30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციური პარტიების განსაკუთრებულ ერთიანობასა და ყურადღებას მოითხოვს.