არ მივაყენებ შენს საფლავს შეურაცხყოფას, ქართულ მძ**ერსაც არ იმსახურებ – გაბუნია პუტინს

ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს რუსულად მიმართა და უთხრა, რომ არ აპირებს მისი საფლავის შეურაცხყოფას, რადგან, გაბუნიას თქმით, პუტინი ქართულ მძ**ერსაც არ იმსახურებს.

“ვალოდია, ჩემო ძვირფასო, ვოვაჩკა. მე ვფიქრობდი, ვფიქრობდი და მე არ ვაპირებ შენი საფლავის შეურაცხყოფას. მართალია, მე დაგპირდი, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. შენ ქართულ მძ**ერსაც კი არ იმსახურებ”, – ამბობს გაბუნია მთავარი არხის ეთერში.

ჟურნალისტის თქმით, პუტინისგან განსხვავებით, მისი იარაღი მხოლოდ სიტყვაა, პუტინს კი საქართველოსთვის იარაღი არ დაუზოგია. გაბუნია აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ანგარიში არ გაუწევია ქართველი დედებისთვის და მათი შვილების საფლავებისთვის.

“ჩვენ ყველა ბრძოლის ველზე ვართ. ეს არ არის ჩემი პირადი ბრძოლა, ეს არის ქართველების დიდი ომი დამპყრობელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც უკვე საუკუნეები და თაობებია გრძელდება. ჩემი იარაღი ამ ბრძოლაში სიტყვაა, ისევე, როგორც სამხედროსთვის ცეცხლსასროლი იარაღი. ამ ომში ყველას თავი აღჭურვილობა და თავის როლი აქვს. მე სიტყვის ჯარისკაცი ვარ. რა, ზედმეტად მძიმე და უხეში იყო ის იარაღი, რომელიც მე გამოვიყენე ჩვენი ქვეყნის მთავარი მტრის, რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ? და მან რომელი იარაღი დაზოგა ჩვენზე? ერთი ატომური იარაღი არ ჩამოუგდია ჩვენს მიწაზე, თორემ სხვა როდის დაგვინდო? ან როდის მოგვერიდა? ან ქართველ დედებს და მათი შვილების საფლავებს როდის გაუწია ანგარიში, რომ მე მოვრიდებოდი მაინცდამაინც მისი საფლავის ხსენებას”, – განაცხადა გაბუნიამ.

15 ივნისს ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვს დაქირავებული მკვლელი გეგმავდა. გვარამიას თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.