გირჩი TV–ზე გიორგი ლომინაძის გადაცემა მისი პოსტის გამო დახურეს – ხაჩიძის განმარტება

არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ბაზრის” დამფუძნებლის, გიორგი ლომინაძის გადაცემა გირჩი TV-ზე მას შემდეგ დაიხურა, რაც მან სოციალურ ქსელში 14 წლის მოზარდის საქმეზე სტატუსი დაწერა. გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე.

newsreport.ge დაუკავშირდა ტელევიზიის ხელმძღვანელ გოგა ხაჩიძეს, იმის გასარკვევად, უკავშირდებოდა თუ არა გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება ლომინაძის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს:

“დიახ, გირჩი ტვ არის კერძო კომპანია, თავისი კონრეტული დამფუძნებლებით და როგორც ლომინაძის გადაცემის დაწყება, ასევე დამთავრებაც ჩვენი (დამფუძნებლების) გადაწყვეტილება იყო და ასე გადავწყვიტეთ.” – აცხადებს გოგა ხაჩიძე. 

ცნობისთვის, დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ბაზრის” დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ გიორგი ლომინაძე 14 წლის მოზარდის საქმეზე “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ჯგუფში დაწერა, რომ არ თვლის 24 წლის ბიჭს დამნაშავედ ამ საქმეში რადგან 14 წლის გოგონა უკვე ბიოლოგიურად სრულწლოვანია.

პოსტი, რომელიც მან ჯგუფში დაწერა და ჯგუფის წევრების კრიტიკა დაიმსახურა, მალევე დარეპორტდა და ამ დროისთვის სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.