მთავრობას მიენიჭება უფლება, საგანგებოს გარეშე შეზღუდოს სხვადასხვა საქმიანობა – ხუნდაძე

შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის მთელს ქვეყანაში გამოცხადების გარეშე, ხელისუფლებას უფლება მიეცეს, საკარანტინო რეჟიმი კონკრეტულ ლოკაციებზე ინდივიდუალურად დააწესოს. საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტში მუშაობა იწყება.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ხელისუფლებას  შეეძლება, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, კონკრეტულ ლოკაციაზე შეზღუდოს სხვადასხვა საქმიანობა.

,,მთავრობას მიენიჭოს უფლება, კონკრეტული ეპიდემიოლოგიური ლოკაციები, სადაც საგანგებო მდგომარეობის მიღების გარეშე შეძლებს იქ კრიზისული ვითარება დაარეგულიროს, შეზღუდოს სხვადასხვა საქმიანობა, მაგალითად, მგზავრთა გადაყვანა სხვადასხვა კვების ობიექტის მუშაობა, სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების ფუნქციონირება.

კანონით დაწესებული რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაისჯება საჯარიმო სანქციით 500-დან 2000 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირი 2000-დან 10 000 ლარამდე,” – თქვა დიმიტრი ხუნდაძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი სავარაუდოდ მომავალ კვირას განიხილავს.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს სრულდება.