მთავრობისგან ამ უფლების მოთხოვნაც კი შემაშფოთებელია – რატიანი ახალ კანონპროექტზე

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგო რატიანი ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, მთავრობა შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეძლებს.

რატიანის აზრით, დემოკრატიულ სამყაროში ნებისმიერი მთავრობისთვის ასეთი უფლების მინიჭება სრულიად დაუშვებელია და შემაშფოთებელია, როდესაც მთავრობა ამას ითხოვს. მისი თქმით, ოპოზიცია ავტორიტარიზმის სურვილს ხედავს.

“ბუნებრივია, ქართული ოცნების პირობებში კიდევ უფრო მძიმეა ეს ვითარება, რადგან ჩვენ ვხედავთ გარკვეულ სურვილებს და მიდრეკილებებს ავტორიტარიზმისკენ, შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც მთავრობას მიაჩნია, რომ უნდა იყოს დაწესებული, ის უნდა შემოვიდეს პარლამენტში და მოითხოვოს ამ კონკრეტული უფლებების მოპოვება.

მსგავსი უფლებების მოთხოვნაც კი არის შემაშფოთებელი და ეს არის ბერკეტი იმისათვის, რომ პარლამენტის როლი იყოს დაყვანილი მინიმუმამდე, მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში უბრალოდ თავხედობაა ამის მოთხოვნა”,– აცხადებს რატიანი.

ცნობისთვის, ხვალ ბიუროს სხდომაზე ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” ცვლილებებების პროექტის ინიცირება მოხდება, რაც მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლებას შეზღუდვების გარეშე მისცემს.

პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრებს ღონისძიებებს, რომელიც ,,საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად”.

მისი ერთ–ერთი ინიციატორის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ,,სპეკულაციები უადგილოა, ეს კანონპროექტი და ინიციატივა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას”.