ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს

გენერალურ პროკურატურაში ენმ–ს თავჯდომარე ნიკა მელია დაიბარეს. უწყების ცნობით, ამის მიზეზი გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილებაა.

“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის 1 ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ მასზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკისრებული – ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა , რამაც პრაქტიკულად გამორიცხა მის მიმართ კანონმდებლობით დაკისრებული, სამართლებრივად სათანადო ქცევის უზრუნველმყოფი გარანტიების არსებობა”,– აცხადებს პროკურატურა.

ამის შედეგ უწყების შუამდგომლობით ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 ათას ლარამდე გაიზარდა, რაც მას 50 დღის ვადაში უნდა გადაეხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ ნიკანორ მელიას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც საკმარისია გირაოს უზრუნველსაყოფად, ასევე მის მიერვე 2020 წლის 31 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, დეკემბერში გააჩნდა საკმარისი თანხა გირაოს უზრუნველსაყოფად, ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიების პირობა არ შეასრულა და გირაოს თანხა – 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, არ გადაიხადა, ასევე არ უზრუნველყო გირაო თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით”,– წერია პროკურატურის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მიეცა და განემარტა, რომ თუ ის გირაოს არ გადაიხდის, ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეეცვალოს.