ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეწყვეტისგან თავს შევიკავებთ – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს არ გაუუქმებს.

“პარტიის პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის, საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე. ქართული ოცნების ეს პრაგმატული გადაწყვეტილება დაეფუძნა რამდენიმე ძირითად მოსაზრებას.  რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს, განახორციელოს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით პარლამენტის საბოტაჟს და რაც გასულ ორშაბათს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ უფრო მწვავედ შეაფასა, როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა.

თუმცა საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს, კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს. სწორედ ამგვარი ინსტრუმენტია პარლამენტის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს პარლამენტის საბოტაჟს და დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები. დღეს საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციით გარანტირებულ ამ ინსტრუმენტს აამოოქმედებს”,– თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.

მანვე აღნიშნა, რომ დეპუტატებს აძლევენ შესაძლებლობას, “პატივი სცენ საკუთარი მხარდამჭერების ნებას”.

კობახიძის მტკიცებით, 20–მდე დეპუტატს პარლამენტში შესვლა უნდა, თუმცა ბულინგისა და შანტაჟის გამო ამას ვერ აკეთებს.