“რატომ უდგახარ სამუშიას გვერდითო” – თბილისში ლელოს წევრს თავს დაესხნენ

თბილისში, დიღმის მასივში, რამდენიმე წუთის წინ პარტია ლელოს დიდუბე–ჩუღურეთის ზონის უფროსს, გიორგი გლუნჩაძეს თავს დაესხნენ. სამი თავდამსხმელი თავისივე საცხოვრებელ კორპუსთან მას ფიზიკურად გაუსწორდა.

“არ უხსენებიათ არანაირი პოლიტიკური პარტია. რას ვაკეთებ მე ახლა დიღმის მასივში, ლელოს და მამუკა ხაზარაძის მომხრეები, ჩვენც გვითხარი რას სთავაზობ ასეთსო. სამ პიროვნებას ვიცნობ და ამოცნობა შემიძლია”,– ამბობს გლუნჩაძე.

ლელოს დიდუბე–ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან სამუშია ამბობს, რომ გლუნჩაძე მისი მხარდამჭერობის გამო სცემეს. მისი თქმით, ამ საქმეს ბოლომდე ჩაყვება.

“უბრალოდ დაიწყეს. ადამიანი, ჩვენი აქტიური მხარდაჭერი ნაცემია იმის გამო, რომ რატომ ხარ ლელოში და რატომ უდგახარ სამუშიას გვერდითო. აი ამისთვის გამოვიდნენ და ცემეს, წიხლი ჩააზილეს. აგერ არის პატრულის და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. არის კამერები და მოწმეები. უსწრაფესად გამოიძიეთ და ყველა პასუხისგებაში მიეცით, ამ საქმეს ჩავყვები ბოლომდე, არ მოგასვენებთ. ვიცი, რისიც ეშინიათ”,– ამბობს ლევან სამუშია.

დაზარალებულს სავარაუდოდ ტვინის შერყევა აქვს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.