სააკაშვილის დანიშვნის გამო საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინიდან ელჩს გამოიძახებს

რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს ელჩს კონსულტაციებისთვის გამოიძახებენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას. ზალკალიანი ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, ელჩის მონაწილეობით უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე.

“სააკაშვილისთვის თავდაპირველად შეთავაზებული თანამდებობის დონის დაწევა და მისი დაინიშვნა ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ცხადყოფს უკრაინის პოლიტიკური სპექტრის, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების სკეპტიკურ დამოკიდებულებას მისი პერსონის მიმართ. ამავდროულად, ჩვენი აზრით, გათვალისწინებული იქნა საქართველოს, როგორც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორის პოზიციაც”, — აცხადებს ზალკალიანი.

მისი თქმით, ელჩის გამოწვევა დიპლომატიაში მიღებული პრაქტიკაა, რომელიც ამ შემთხვევაში მიანიშნებს, რომ ურთიერთობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისათვის საჭიროა ელჩთან კონსულტაციები.

,,მიუხედავად ამისა, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი თეიმურაზ შარაშენიძის თბილისში კონსულტაციებზე გამოძახების თაობაზე. ეს გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი, რომელიც, ამ შემთხვევაში მიანიშნებს, რომ ურთიერთობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისათვის საჭიროა ელჩთან კონსულტაციები”,- აცხადებს დავით ზალკალიანი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა.