სააკაშვილმა მოგვისმინა და მშვიდობიანად დატოვა ხელისუფლება – სენატორი შაჰინი

დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას 2012 წელს საქართველოში ჩატარებული არჩევნები გაიხსენა.

“ამ შენობაში მყოფთაგან ბევრის მსგავსად, მე ვმოგზაურობდი განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებში, მთელს მსოფლიოში — ავღანეთიდან და ერაყიდან დაწყებული, დასავლეთ ბალკანეთის და აფრიკის ქვეყნებით დამთავრებული, და საქართველოშიც. 2012 წელს, საქართველოში ჩემს კოლეგასთან, სენატორ რიშთან ერთად ჩავედი, რათა ოფიციალურად, სენატის ეგიდით, დავკვირვებოდით არჩევნებს. არჩევნებს, მიხეილ სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და მოწინააღდეგე ქართულ ოცნებას შორის, რომელიც მილიარდერი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი და დაფუძნებული პარტია იყო. ეს იყო ბრძოლა არა მხოლოდ პარლამენტზე, არამედ მთავრობაზე კონტროლის მოსაპოვებლადაც.

სენატორი რიში და მე, არჩევნების დღეს ვიმყოფებოდით რამდენიმე საარჩევნო უბანზე და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას დავეთანხმეთ, რომ ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და არჩევნებში გამარჯვებული ქართული ოცნება იყო. მაგრამ, არსებობდა რეალური შეშფოთება ქვეყანაში იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ძალაუფლების დათმობას არ აპირებდა. ეს შესაძლოა ძალადობის მიზეზი გამხდარიყო. ეს დაასრულებდა ახალგაზრდა, ახლადჩასახულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ტარდებოდა.”,– თქვა სენატორმა.

მისივე განცხადებით, სააკაშვილმა მათ მოუსმინა და მშვიდობიანად დატოვა ხელისუფლება.

“არჩევნების მეორე დღეს, ჩვენ შევხდით პრეზიდენტ სააკაშვილს. ნათლად მახსოვს, მივედით მასთან სახლში, დავსხედით და ვისაუბრეთ იმაზე, რომ დემოკრატიის მთავარი ნიშანი, რისთვისაც პრეზიდენტობის რვა წლის განმავლობაში ბევრს მუშაობდა, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა იქნებოდა მისთვის, ვინც ამომრჩეველმა აირჩია. ამრიგად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩვენ მოგვისმინა და მან მშვიდობიანად დატოვა ხელისუფლება. მნიშვნელოვანია მომავალი თაობა აცნობიერებდეს, რომ ამერიკა, როგორც დემოკრატიები ყველგან, დაფუძნებულია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე”,– თქვა სენატორმა შაჰინმა.

6 იანვარს, აშშ–ის დროით 14:30 საათზე კაპიტოლიუმთან შეკრებილმა ტრამპის მხარდამჭერებმა ბარიკადები გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ. შტურმის დროს 4 ადამიანი გარდაიცვალა. ეროვნულმა გვარდიამ, რომელმაც კაპიტოლიუმში სიტუაციის დეესკალაცია შეძლო, 52 პირი დააკავა.

კონგრესის შენობა ამ დროისთვის უსაფრთხოა, ამიტომ ერთობლივი სხდომა განახლდა, სადაც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დაითვალონ, რათა ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტება გაფორმდეს.