ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას თავის მიგნებას უზიარებს, რომელიც შესაძლოა, პროპაგანდასთან ბრძოლაში დაეხმაროს.
„გვეშველება რამე?!“ VS “მე რა შემიძლია?“ მინდა, გაგიზიაროთ ერთი მიგნება, რომელიც თქვენთვის მოყოლამდე, საკუთარ თავზე გამოვცადე და ვფიქრობ, დაგვეხმარება ბრძოლაში, მათ შორის, პროპაგანდასთან. ჰიბრიდული ომი დიდწილად ჩვენზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა. მისი მთავარი იარაღი კი სიტყვა. სიტყვით და ფსიქოლოგიური ომით შეუძლიათ მათ ჩვენი განადგურება და არა მხოლოდ იმით, რომ ტყუილს დაგვაჯერებენ, ან ცინიზმით გაგვაბრაზებენ. ყველაზე უხილავი და საშიში ფორმა არის სააზროვნო ჩარჩოს თავს მოხვევა. ის, თუ როგორი დამოკიდებულებით ვუდგებით გამოწვევას, მეტწილად განსაზღვრავს ჩვენს მოქმედებას. მაგალითად, კითხვა „გვეშველება რამე?“ თავის თავში მოიცავს, რომ არ გვეშველება და ასევე იმას, რომ ჩვენ პირადად არაფერი შეგვიძლია, სადღაც უნდა გვეშველოს. ამიტომ პროპაგანდასთან ბრძოლაში ჩვენი ამოცანაა არა უბრალოდ დასმულ კითხვას გავცეთ სწორი პასუხი, არამედ სწორი, ჩვენი რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით დავსვათ კითხვა. სწორედ ეს კითხვა დავუსვი ჩემს თავს პატიმრობაში და თავი არც ერთი წამით უმოქმედოდ, იზოლირებულად ან გამოფიტულად არ მიგრძვნია. შედიხარ საკანში, იკეტება კარი, რჩები შენ თავთან და რა განცდა მოდის? 2 ვარიანტია, ჩემი აზრით: 1. რა მეშველება ახლა აქ? 2. აბა, რა შემიძლია აქ გავაკეთო? ზოგადად კი არა, ძალიან კონკრეტულად. მაგალითად, კარის გაღება არ შემიძლია და მასთან ჭიდაობას შესაბამისად ვანებებ თავს და ვიწყებ ფიქრს, რა შემიძლია. შემიძლია წერა, შემიძლია კითხვა, შემიძლია ფიქრი. მაგალითად, ვიზიტი ბრიუსელში არ შემიძლია, მაგრამ ხმის მიწვდენა შემიძლია, მითუმეტეს, ხმა უფრო ხმამაღალია ციხიდან. ბავშვებთან ჩახუტება არ შემიძლია, მაგრამ მათი საყვარელი ნაყინის გაგზავნა შემიძლია, რითაც ჩემს სიყვარულს და ზრუნვას იგრძნობენ. მეგობართან ჩახუტება არ შემიძლია, მაგრამ ხატვით სიყვარულის გადაცემა შემიძლია. როგორც კი ეს კითხვა დავუსვი თავს, წამოვიდა იდეების კასკადი. ამას ორი მნიშვნელოვანი შედეგი აქვს – არ ვითრგუნები იმით, რაც არ შემიძლია და მუდმივად ვმოქმედებ იმის მიხედვით, რაც შემიძლია. ახლა გადავიდეთ ჩვენს ბრძოლაზე როდესაც ვაწყდებით პრობლემას, გარეთაც შეგვიძლია დავითრგუნოთ, ვეძებოთ დამნაშავე, ეს ორივე შეგუების შედეგს მოიტანს. მაგრამ, შეგვიძლია, გულწრფელად და კონკრეტულად ვკითხოთ საკუთარ თავს, „რა შემიძლია გავაკეთო?“. მაგალითად, ყოველ დღე აქციაზე წასვლა არ შემიძლია, მაგრამ რამდენჯერ შემიძლია? ან საერთოდ არ შემიძლია აქციაზე წასვლა, მაგრამ აივნიდან დროშის გადმოფენა შემიძლია; ბოტების და ტროლების აღმოჩენა შემიძლია სოციალურ ქსელში. ამ პასუხებს თავად ვიპოვით, კასკადი წამოვა შესაძლებლობების. დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შეძენა არ შეგვეძლო, მაგრამ ლარის გადარიცხვა შეგვეძლო და აღმოჩნდა, ბევრს შეეძლო, აღმოჩნდა, 2 მილიონი შევძელით და აღმოჩნდა ამან აიძულა, წამალი ეყიდათ. ეს კითხვა ძალიან სასარგებლოა, რადგან: 1. ვიცი, სად მივმართო ჩემი ენერგია, დათრგუნვის გარეშე. 2. სხვამ იცის, რომ მე ეს შემიძლია და მას სხვა რამე შეუძლია, შესაბამისად, ვავსებთ ერთმანეთს და ვძლიერდებით 3. საბოლოო ჯამში, რაც ჩვენთვის შეუძლებლად ჩანს, აღმოჩნდება, რომ ერთად შეგვძლებია. ეს სააზროვნო ჩარჩო მოქმედებისკენ გვიბიძგებს, ჩვენი ნიჭის გამოვლენის საშუალებას გვაძლევს და საერთო ბრძოლას აძლიერებს. შემდეგ მიმართვაში მოგიყვებით ისტორიულად რამდენი შევძელით, ჩვენს ბრძოლაში რამდენი შევძელით და ჩვენს ქვეყანას რამდენი შეუძლია“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.















