საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერ არ ამუშავდება, წესების დადგენაზე ვმუშაობთ – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე დადებითი გადაწყვეტილება არ მიიღეს. ტიკარაძის განმარტებით, ამ მიმართულებით გარკევული წესების დადგენაზე მუშაობენ.

,,რაც შეეხება ტრანსპორტის ამოქმედებას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ არ მიგვიღია დადებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან მნიშვნელოვანია ის სტატისტიკური მონაცემები და ეპიდსიტუაცია, რომელიც ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში. დღესდღეობით ჩვენი რეალურ დროში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის 1,36, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მთავრობას მივცეთ რეკომენდაცია გარკვეული შეზღუდვების მოხსნისთვის.

ჩვენ ვმუშაობთ კონკრეტულად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ გარკვეული წესების დადგენასთან დაკავშირებით და ასევე, ვაკვირდებით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს, რის შედეგადაც მივიღებთ უკვე დამატებით გადაწყვეტილებებს,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძე აღნიშნავს, რომ ავტომობილით 3 მგზავრზე მეტის შეზღუდვის მოხსნა მნიშვნელოვნად გააადვილებს მოქალაქეების გადაადგილებას.