“სტიგმის გამო დიდი ხნის განმავლობაში ვდუმდი“– ირაკლი იმნაიშვილმა ორი მძიმე დაავადება დაამარცხა

“რუსთავი 2-ის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი იმნაიშვილმა ია ფარულავას გადაცემა “ფარულ კონვერტში“ ისაუბრა იმის შესახებ, როგორ დაამარცხა მძიმე სენი.  ირაკლი იმნაიშვილს 2006 წელს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ პაციენტს სიცოცხლის 3-დან 6-თვემდე პერიოდი ჰქონდა. მისი თქმით, ეს დიაგნოზი იმ პერიოდში იყო განაჩენი, რადგან მაშინ C ჰეპატიტზე ინფორმაცია არ არსებობდა და დაავადება სტიგმატიზირებული იყო.

“სტიგმის გამო დიდი ხნის განმავლობაში ვდუმდი. სინამდვილეში წამალდამოკიდებულები  წარმოადგენენ ძალიან მცირე პროცენტს, ადამიანების უმეტესობა უხარისხო სამედიცინო სერვისის გამო დაინფიცირდა. ჩემს შემთხვევაში ეს იყო სტომატოლოგიური კლინიკა. თინეიჯერი ვიყავი მაშინ. ავადმყოფობის სივერაგე იმაში მდგომარეობს, რომ სიმპტომი არ გაქვს. რომ არ დაწყებულიყო რუტინული კვლევა, C ჰეპატიტი განაგრძობდა განვითარებას.

52 ნემსი გავიკეთე, 1 წელი გაგრძელდა. ძალიან მძიმე გვერდითი მოვლენები ჰქონდა. ნემსს მოჰყვებოდა თავისი ანოტაცია. იწვევს მძიმე ქიმიურ დეპრესიას, რასაც მოსდევს თვითმკვლელობის მცდელობები, ხოლო შემდეგ აბზაცში წერია, რომ იყო თვითმკვლელობის ფაქტები.

ჩავთვალე, რომ მე არ უნდა გამომეყენებინა ანტიდეპრესანტები, რასაც მოჰყვა უმძიმესი ქიმიური დეპრესია, ამ სიმძიმეს თან დაერთო, რომ მე ჩემი ადგილის დამკვიდრებას ვცდილობდი ლონდონში, ერთ ერთი მედიაკომპანიაში.

ლონდონში ცხოვრობს ელისაბედ ჩაჩხიანი, რომელმაც შეგვიფარა. მის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ეს ყველაფერი. საუკეთესო სოკოს სუპს აკეთებდა, გემო მქონდა დაკარგული, მახსოვდა მისი გემო. ამ წვნიანის ჭამის დროს ვნახე, როგორ დამეწყო თმის ცვენა. სხვები უფრო  ისტრესებოდნენ,  ვიდრე მე.  52 ნემსით მკურნალობა დასრულდა 0 შედეგით. მიხარია, რომ იმ პრეპარატით მკურნალობა, რომელიც დღეს საქართველოშია შემოსული, საუკეთესოა, რაც კი მსოფლიოში არსებობს,”- ჰყვება ჟურნალისტი გადაცემაში.

მას შემდეგ, რაც C ჰეპატიტთან ბრძოლა დაასრულა, ირაკლი იმნაიშვილს კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა შეექმნა – როგორც გადაცემაში იხსენებს, პირის ღრუში, ენის ქვეშ კანზე გაუჩნდა პრობლემა, რომელზეც მკურნალობა თბილისში დაიწყეს, თუმცა უშედეგოდ. მეგობრის დაჟინებული რჩევით, ცოლთან ერთად ვენაში გაემგზავრა. იმნაიშვილი ამბობს, რომ ექიმთან ვიზიტის სავარაუდო ხანგრძლივობას 2 საათს ვარაუდობდა, თუმცა საბოლოოდ, გაირკვა, რომ ის სასწრაფოდ საოპერაციო იყო. ქირურგმა დიაგნოზი მალევე უთხრა – სიმსივნე, თუმცა იყო თუ არა კეთილთვისებიანი, ამისი თქმა სპეციალისტს, შესაბამისი გამოკვლევების გარეშე, არ შეეძლო.

რადგანაც სიმსივნე პირის ღრუში იყო, ქირურგმა პაციენტი გააფრთხილა, რომ შესაძლებელია, დარჩენოდა მეტყველების სერიოზული დეფექტები.

“ღამე დავჯექი და ამ ქირურგს მივწერე უზარმაზარი მეილი, თუ რამე არის შესაძლებელი რომ გაკეთდეს თანამედროვე მედიცინაში, თუ შეიძლება, ვინმე კიდე ჩავრთოთ. მივწერე, რომ ის დასახიჩრება, რომელიც უნდა მივიღოთ იქნება ძალიან მძიმე და ნიშნავს, რომ რაც რამე მიკეთებია ყველაფერი გაჩერდება…

დილის 5 საათზე გავუგზავნე, 1 საათი ვწერდი და მიპასუხა 15 წუთში. მითხრა, რომ ყველაფერი ესმის, დაამატეს სპეციალისტების რამდენიმე ბრიგადა, რომლებიც ამოწმებენ, უჯრედი რამდენად ჯანმრთელია რომ არ მოჭრან იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა…” – იხსენებს “რუსთავი 2-ის” აღმასრულებელი დირექტორი.

მისი თქმით, მოსაფიქრებლად სულ რამდენიმე საათი ჰქონდა.

“ძალიან შემეცოდა ისევ დედაჩემი, რადგან 2006 წლიდან 2019 წლამდე ეს მორჩა [C ჰეპატიტთან ბრძოლა]. ჩავიცვამდი ტანსაცმელს, ჩავიდოდი სასტუმროს კაფეში, ჩავწერდი ვიდეოს – “დე, გუშინ გვიანობამდე ვიყავით გარეთ ვერ დაგირეკე, გკოცნი”… გადავიღებდი სელფებს, ამოვიდოდი, გამოვცვლიდი, ჩავიდოდი მეორე კუთხეში – გადავიღებდი. ვაგროვებდი ჩემი ჭკუით – თუ დაზიანდა მეტყველება, თუ ეს შეიძლება რომ იყოს გამოსასწორებელი, რატომ ინერვიულოს, მე ჩავწერ ვიდეოების სერიას, თითქოს სხვადასხვა დროს არის ჩაწერილი. უამრავი ვიდეომიმართვა ჩავწერე…” – იხსენებს ირაკლი იმნაიშვილი.

მისი თქმით, ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა მცირე ცვლილება მაინც დაუტოვა.

“ზოგჯერ, განსაკუთრებით, როცა ხანგრძლივი გადაცემა მიმყავს და სწრაფად არის აზრი ჩამოსაყალიბებელი, პირის აპარატი არ მომყვება და არის არაბუნებრივი პაუზები. ვნახე, ამაზე ქილიკი და დაცინვები იყო, მაგრამ ეს არის ერთადერთი და არაფერი საწუწუნო არ მაქვს,” – აღნიშნავს ირაკლი იმნაიშვილი “ფარულ კონვერტში”.