ხმების დაკლების გამო რომ არ მივიღოთ დაფინანსება, არალოგიკურია – ბადრი ჯაფარიძე

ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხმების დაკლების გამო პარტიის მიერ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარის თქმა არალოგიკურია.

“ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ დაგვაკლეს ხმები, ხომ არ ვამბობთ, რომ მოგვიმატეს ხმები? მით უმეტეს, თუ ხმებზე დაყრდნობით ხდება გაანგარიშება, ლოგიკურად, მეტი დაფინანსება უნდა მიეღოთ პარტიებს. ამიტომ, ეს ლოგიკა არ მუშაობს. თუ ვამბობთ, რომ გაყალბდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ხმები დაგვაკლეს. ამიტომ, იმის გამო, რომ ხმები დაგვაკლეს, ამის გამო არ მივიღოთ დაფინანსება, არალოგიკურია”, – აცხადებს ჯაფარიძე პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე თქმით, დაფინანსების აღებაზე მის პარტიაში მსჯელობა მიმდინარეობს.

“თუ კი ლელო საქართველოსთვის დარჩება ბოიკოტის რეჟიმში, არ შევა პარლამენტში და არ მიიღებს მონაწილეობას ამ პარლამენტის მუშაობაში, მაშინ არ დავუჭერდი მხარს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებას, მაგრამ არის პარტიის შიგნით განსხვავებული მოსაზრებები და ვნახოთ როგორ წარიმართება მსჯელობა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად ცესკო-ს 15-დან 9 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. ესენია: ქართული ოცნება, ენმ-ძალა ერთობაშიას ბლოკში შემავალი 5 პარტია,ევროპული საქართველო და სტრატეგია აღმაშენებელში გაერთიანებული ორი პარტია.

დაფინანსების მოთხოვნით ცესკო-სთვის არ მიუმართავთ გირჩს, ლეიბორისტულ პარტიას, ლელოს, მოქალაქეებსა და პატრიოტთა ალიანსს.