Mercedes S600-ის დეტროიტული პრემიერა

ამ ავტომობილით Mercedes-Benz-ი საფუძვლიანად ამაყობს. ის უფრო მეტია, ვიდრე უმაღლესი, S-კლასის სედანი, ეს 600-იანია და ეს რიცხვი შტუტგარტელებისთვის სიამაყის საფუძველს წარმოადგენს. არამარტო იმიტომ, რომ ეს მათი ფლაგმანია, მედროშე კი ყოველთვის ყველაზე გამორჩეული უნდა იყოს. არამედ იმიტომაც, რომ ეს თითქმის ლიმუზინია – პრეზიდენტების და მეფეების ავტომობილი. მას არც დაგრძელება სჭირდება და არც გაუმჯობესება. ის ისედაც სრულყოფილების ნიმუშია.

ამ ავტომობილის მნიშვნელობა მას შემდეგ უფრო გაიზარდა, რაც სამქიმიანებმა თავიანთი სუპერ ლუქს ბრენდი Maybach-ი გააჩერეს. და აი, დეტროიტის მოტორ შოუზე, ახალი S600-იც გამოჩნდა. ავტომობილი, რომელმაც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს ამერიკაში, არაბეთში და ჩინეთში, სურვილი უნდა აღუძრას, სურვილი ამ ავტომობილის ფლობისა, ამ ავტომობილით გადაადგილებისა.

მთავარი, რაც ამ ავტომობილს სახელს ანიჭებს, მისი ძრავია – 6.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V12, რომელიც 530 ცხენის ძალას (4 900-5 300 ბრ/წთ დიაპაზონში) და 830 ნიუტონმეტრს (1 900-4 000 ბრ/წთ დიაპაზონში) გამოიმუშავებს. ძრავთან წყვილში 7-საფეხურიანი ავტომტური ტრანსმისია 7G Tronic Plus მუშაობს. გარდა ამისა, სტანდარტულ ეკიპირებაში შედის სისტემა სტარტ/სტოპი, რისი წყალობითაც, S600 გამონაბოლქვზე ევრო6-ის უმკაცრეს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამ ყველაფრის წყალობით, გიგანტურ ავტომობილს ასი კილომეტრის გასავლელად 11.3 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის. რამდენ ნახშირორჟანგს შეიცავს მისი გამონაბოლქვი, ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა. სამაგეროდ, კომპანია სიამაყით აცხადებს, რომ ახალი S600 წინამორბედზე 21 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარს.

რა თქმა უნდა, ავტომობილი უსაფრთხოების არაერთი სისტემითაა აღჭურვილი, რომელთა უმეტესობაც მის საბაზო ეკიპირებაში შედის. მათგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია „შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე პლუს“, რომელიც მუხრუჭების ადაპტირებად სისტემასთან ერთად, რთულ ვითარებაში, ავარიებს აგაცილებთ თავიდან. მას აქვს ფუნქცია, რომელიც მაშინვე ამოქმედდება, როგორც კი ელექტრონიკა ხიფათს დაადგენს და მძღოლი რეაგირებას ვერ ასწრებს. ამ დროს სისტემა მანქანას ავტომატურად ამუხრუჭებს. ფუნქციის სამოქმედო სიჩქარე 200 კმ/სთ-მდეა. იგივე სისტემა, უმოძრაო საგანთან შეჯახებასაც აგარიდებთ, ოღონდ ამ ფუნქციის შემთხვევაში, მაქსიმალური სიჩქარე 50 კმ/სთ-მდეა. უკუსვლით მოძრაობისას კი მაქსიმალური სამოქმედო სიჩქარე 40 კმ/სთ-ია.