რაგბში საქართველო – რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები რუსეთთან მაყურებლის გარეშე გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება.

„ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე. ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად.

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო.