საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პოლიტიკაში კვლავ ჩართვას არ გამორიცხავს. მისი თქმით, მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ პოლიტიკაში დარჩენის მცდელობა ჰქონდა, თუმცა მაშინ ეს არ გამოუვიდა.
„არ ვმალავ, მე მქონდა ინტერესი, რომ საქართველოს პოლიტიკაში გამეგრძელებინა მუშაობა, იმიტომ რომ მე როცა ეკონომიკის მინისტრი ვიყავი, დავინახე ბევრი საშუალება ქვეყნის განვითარების, რომელიც არ იყო რეალიზებული. მე როგორც ადამიანს, რომელსაც რაღაცების გაუმჯობესების მისწრაფება აქვს, ამან დამაინტერესა.
საქართველო ჩემი ქვეყანაა და მინდოდა, ჩემი წვლილი შემეტანა მის განვითარებაში, ამიტომ ვეძებდი სახსრებს და საშუალებებს იმისთვის, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აზრიანად მიმეღო მონაწილეობა. პრინციპში, მე ეს ვერ ვნახე, დავუთმე ნახევარი წელიწადი. არ გამოვრიცხავ, ეს მცდელობა გავიმეორო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. არაა გამორიცხული, ისევ პოლიტიკაში მიხილოთ საქართველოში“, – ამბობს გიორგი ქობულია Forbes Georgia-სთან ინტერვიუში.
მისივე განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია მასზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.
„ამ ეტაპზე ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე კომენტარისგან თავს შევიკავებ. ჩემი აზრით, პარტია „საქართველოსთვის“ და ის ხალხი ვინც იქაა შეკრებილი, ჩემზე საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ახდენს, ველოდები, როგორ განვითარდება მოვლენები და რა პროგრამას წარადგენს ეს პარტია. კონსულტაციები არ მქონია“, – აღნიშნა ქობულიამ.