30 წელია, რაც „ევროპის გუნდი” დგას საქართველოს გვერდით როგორც კარგ, ისე რთულ დროს – ჰერჩინსკი

„ევროპის გუნდის“ (Team Europe) ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს რეგიონული განვითარების, ეკონომიკური კეთილდღეობისა და დემოკრატიული სიცოცხლისუნარიანობის მტკიცე მხარდაჭერას და ამ მიზნის კიდევ ერთხელ დადასტურებას.

„ვიზიტმა, რომელშიც მონაწილეობდნენ ელჩები და დიპლომატები ავსტრიიდან, დანიიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, ლიეტუვიდან, ნიდერლანდებიდან და შვედეთიდან, ხაზი გაუსვა საერთო ევროპულ მისწრაფებას — რაც გულისხმობს გრძელვადიან ინვესტიციას ადამიანებში, ახალ შესაძლებლობებსა და ინკლუზიურ ზრდას საქართველოს რეგიონებში. მისიის მთავარი მიზანი იყო იმის ჩვენება, თუ როგორ აისახება ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობა კონკრეტულ შედეგებში: ახალგაზრდების გაძლიერებაში, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერაში, თემების განმტკიცებასა და ისეთი რეგიონების მდგრად განვითარებაში, როგორიც ქვემო ქართლია.

„აქ, ბოლნისში, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის კოლეგასთან ერთად ყოფნა არის დასტური იმისა, რომ ჩვენ ერთგულად ვუჭერთ მხარს საქართველოს რეგიონების განვითარებას. ახალგაზრდებთან იდეების ცოცხალი გაცვლიდან დაწყებული, მეწარმეების ამბიციური სულისკვეთებით დასრულებული, ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის დახმარების რეალურ გავლენას. უკვე 30 წელია, რაც „ევროპის გუნდი” დგას საქართველოს გვერდით როგორც კარგ, ისე რთულ დროს — და ჩვენ ამას მომავალშიც გავაგრძელებთ“,

განაცხადა საქართველოში EU-ს ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, რომელიც  ერთიანი და მომავალზე ორიენტირებული პარტნიორობის სადემონსტრაციოდ,  ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან და დიპლომატებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.