თეირანმა განაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, გახსნას ორმუზის სრუტე, რომელიც თითქმის მთლიანად იყო ბლოკირებული მას შემდეგ, რაც აშშ-სა, ისრაელსა და ირანს შორის ომი დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე გადაუხადა მადლობა ირანის ხელისუფლებას. თუმცა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის სამხედრო-საზღვაო ბლოკადა ირანის მიმართ სრული მოცულობით გაგრძელდება მანამდე, სანამ ვაშინგტონი და თეირანი სამშვიდობო შეთანხმებას არ მიაღწევენ.
სრუტე ღიაა ყველა გემისთვის, გარდა სამხედრო ხომალდებისა
„ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, ორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემისთვის გავლის უფლება ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში სრულად გახსნილად ცხადდება,“ – დაწერა სოციალურ ქსელ X-ში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ. მისი თქმით, გემებს შეუძლიათ გადაადგილდნენ „შეთანხმებული მარშრუტით“.
ირანსა და აშშ-ს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვადა 22 აპრილს ეწურება. მოსალოდნელია ახალი მოლაპარაკებები.
ირანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სამხედრო პირმა განაცხადა, რომ კომერციულ გემებს ორმუზის სრუტეში გადაადგილება შეუძლიათ „მითითებული მარშრუტით“ და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების ნებართვით, იტყობინება სახელმწიფო ტელევიზია. სამხედრო ხომალდებისთვის გავლა კვლავ „აკრძალულია“.
ყველა კომერციულ გემს, მათ შორის ამერიკულსაც, შეუძლია სრუტეში გავლა, მაგრამ მათი გადაადგილების გეგმები ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან უნდა იყოს შეთანხმებული, განუცხადა Reuters-ს ირანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა. მან ასევე დასძინა, რომ ირანული ფინანსური სახსრების განბლოკვა ორმუზის სრუტესთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილი იყო. მისი თქმით, სრუტეში ტრანზიტი შეიზღუდება იმ მარშრუტებით, რომლებსაც ირანი უსაფრთხოდ მიიჩნევს, ხოლო სამხედრო ხომალდებისთვის წვდომა კვლავ აკრძალულია.
ტრამპმა დაუყოვნებლივ გადაუხადა თეირანს მადლობა. „ირანმა ახლახან გამოაცხადა, რომ ირანული სრუტე [ორმუზის სრუტე] სრულად ღიაა და სრულფასოვანი გავლისთვის მზად არის. მადლობა!“ — დაწერა მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
ირანი ფაქტობრივად ბლოკავდა ორმუზის სრუტეს ომის დაწყებიდან. ეს უმნიშვნელოვანესი დერეფანია — მის გავლით მსოფლიო ნავთობის ექსპორტის 20% გადის.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ თეირანს სრუტის განბლოკვის შესახებ არ განუცხადებია და მოითხოვდა, რომ ზავი ლიბანზეც გავრცელებულიყო, მაშინ როცა ისრაელი აგრძელებდა „ჰეზბოლაზე“ იერიშების მიტანას.

თავის მხრივ, აშშ-მაც გამოაცხადა თავისი ბლოკადის შესახებ, რომელიც ეხება ირანის პორტებიდან გამომავალ გემებს. ამერიკელი სამხედროები ამტკიცებდნენ, რომ ბლოკადის რეჟიმის დარღვევა ვერც ერთმა გემმა ვერ მოახერხა, თუმცა მონიტორინგის ორგანიზაციები იუწყებოდნენ, რომ ზოგიერთმა ტანკერმა სრუტეში გავლა მაინც შეძლო.
პარასკევს შუაღამიდან ძალაში შევიდა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის შესახებაც წინა დღეს ტრამპმა განაცხადა. ლიბანელები, რომლებიც კონფლიქტის დროს იძულებულნი გახდნენ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ, ქვეყნის სამხრეთისკენ დაიძრნენ, მიუხედავად ლიბანის არმიის მოწოდებისა, სიფრთხილე გამოეჩინათ. ისრაელმა განაცხადა, რომ მისი სამხედროები სამხრეთ ლიბანში პოზიციებზე დარჩებიან.
ორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „ისრაელი ლიბანს აღარ დაბომბავს“. „აშშ მათ ამას უკრძალავს. საკმარისია!!!“ — განაცხადა ტრამპმა.
Reuters-ის ცნობით, პარასკევს აქციებისა და ობლიგაციების ფასები მკვეთრად გაიზარდა, ხოლო ნავთობისა და დოლარის ფასები მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში ორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემის გავლა სრულად გახსნილია.
ამ ცნობების შემდეგ ნავთობის ფასები 11%-ით დაეცა, თუმცა უმსხვილესი საზღვაო გადამზიდავი კომპანიები უფრო ფრთხილად გამოეხმაურნენ ვითარებას და მიანიშნეს, რომ ტრაფიკის ომამდელ ნორმალურ დონემდე დაბრუნებას, რაც დღეში დაახლოებით 130 გემს შეადგენდა, შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს.
სრუტის გახსნის მოთხოვნა ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო აშშ-სა და ირანს შორის 11-12 აპრილს პაკისტანის დედაქალაქში გამართული მოლაპარაკებების დროს. მოსალოდნელია, რომ მეორე რაუნდიც შესაძლოა კვლავ ისლამაბადში გაიმართოს. ამის შესაძლებლობა წინა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში ტრამპმაც არ გამორიცხა. მისი თქმით, მოლაპარაკებები შესაძლოა უკვე ამ შაბათ-კვირასაც დაიწყოს, თუმცა Reuters აღნიშნავს, რომ შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო ეს სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოდ გამოიყურება.
პაკისტანში სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ პარასკევს განაცხადა, რომ კულისებს მიღმა დიპლომატიაში პროგრესი შეინიშნება. მისი თქმით, მომავალმა შეხვედრამ შესაძლოა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერამდე მიიყვანოს მხარეები, რასაც 60 დღის განმავლობაში ყოვლისმომცველი შეთანხმება მოჰყვება. „ორივე მხარე პრინციპულად თანახმაა. ტექნიკური დეტალები მოგვიანებით შეთანხმდება,“ — თქვა წყარომ.
ირანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა Reuters-ს აცნობა, რომ სრუტის გახსნის შეთანხმების ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება ირანის მილიარდობით დოლარის ღირებულების აქტივების განბლოკვაზეც, თუმცა კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.
თავად ტრამპმა წინა დღეს თეთრი სახლის გაზონზე ჟურნალისტებს უთხრა: „ჩვენ ირანთან შეთანხმების დადებასთან ძალიან ახლოს ვართ.“ რამდენიმე საათის შემდეგ კი ლას-ვეგასში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომი „მალე უნდა დასრულდეს“.
ამერიკული ბლოკადა არ უქმდება
Reuters-ის ამერიკულმა წყარომ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ბლოკადა, რომელშიც 10 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, ძალაში რჩება. ტრამპმაც განაცხადა, რომ სრუტეზე ამერიკული ბლოკადა შენარჩუნდება.
„ორმუზის სრუტე სრულად ღიაა, მზად არის ბიზნესისთვის და შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, თუმცა სამხედრო-საზღვაო ბლოკადა სრული მოცულობით მხოლოდ ირანის მიმართ იმოქმედებს მანამდე, სანამ ჩვენი შეთანხმება ირანთან 100%-ით არ დასრულდება,“ — დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ში.
ტრამპის თქმით, „ეს პროცესი ძალიან სწრაფად უნდა წარიმართოს“, რადგან სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების უმეტესობა „უკვე შეთანხმებულია“.
ისლამაბადში გამართულ მოლაპარაკებებზე მთავარ შეუთანხმებელ საკითხებად რჩებოდა თეირანის ბირთვული პროგრამა და ორმუზის სრუტე. წინა დღეს ტრამპი ამტკიცებდა, რომ ირანი 20 წლით ურანის გამდიდრების შეჩერებას დათანხმდა. თეირანს ეს განცხადება არ დაუდასტურებია.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პარასკევს განაცხადა, რომ დაახლოებით 12 ქვეყანა მზად არის გამოყოს რესურსები მისიისთვის, რომლის მიზანია ორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების აღდგენა. თავის მხრივ, ტრამპმა თქვა, რომ ნატოდან დაურეკეს და ჰკითხეს, სჭირდება თუ არა აშშ-ს დახმარება ორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ. Reuters-ის ცნობით, მან უპასუხა, რომ მათ თავი შორს დაეჭირათ.
Truth Social-ში ტრამპის კიდევ ერთი პოსტიც გამოქვეყნდა: „ირანი დათანხმდა, რომ ორმუზის სრუტეს აღარასოდეს ჩაკეტავს. ის აღარ იქნება გამოყენებული იარაღად მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ!“ — ამტკიცებს ტრამპი.
„ვფიქრობ, შეთანხმება ძალიან სწრაფად დაიდება“
მოგვიანებით, Reuters-თან სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანთან ითანამშრომლებს გამდიდრებული ურანის ამოღებისა და მისი შეერთებულ შტატებში გადატანის საკითხზე.
„ჩვენ ყველაფერს მოვაწყობთ. ირანთან მშვიდ ტემპში ვიმუშავებთ, დავიწყებთ ამოღებას მძიმე ტექნიკის გამოყენებით… და მას შეერთებულ შტატებში დავაბრუნებთ,“ — თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან კვლავ ახსენა „ბირთვული მტვერი“ და დაამატა, რომ ის „ძალიან მალე“ იქნება ამოღებული. როდესაც ტრამპი „ბირთვულ მტვერზე“ საუბრობს, გულისხმობს იმას, რაც ირანის ბირთვულ ობიექტებზე ივნისის დაბომბვის შემდეგ დარჩა.
ითვლება, რომ ირანს აქვს 60%-მდე გამდიდრებული 400 კილოგრამზე მეტი ურანი. ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი ამერიკა-ირანის მოლაპარაკებებში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე თემად რჩება.
ინტერვიუში ტრამპმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო-საზღვაო ბლოკადას შეინარჩუნებს მანამდე, სანამ შეთანხმება საბოლოოდ არ გაფორმდება.
„ვფიქრობ, შეთანხმება ძალიან სწრაფად დაიდება. ირანთან ძალიან კარგად გამოგვდის ურთიერთობა,“ — თქვა მან.
მისივე თქმით, შეთანხმების მისაღწევად დამატებითი მოლაპარაკებები იქნება საჭირო და ისინი „სავარაუდოდ შაბათ-კვირას“ გაიმართება. მან ასევე დაამატა, რომ შეთანხმების გაფორმების შემდეგ „შესაძლოა“ ისლამაბადში ჩავიდეს: „ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.“
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ ირანთან ერთად მუშაობს სრუტის განაღმვის საკითხზე. ხოლო იმ ცნობაზე პასუხად, თითქოს შეერთებული შტატები 20 მილიარდ დოლარად ურანის გაცვლის შეთანხმებას განიხილავს, თქვა: „ეს სრული სიცრუეა. არანაირი თანხა ხელიდან ხელში არ გადადის.“















