“კრემლი ხშირად აცხადებს, რომ მას ჰყავს მეორე უძლიერესი არმია მსოფლიოში და ბევრს სჯეროდა ამის. ახლა ბევრი მიიჩნევს, რომ რუსული არმია მეორე უძლიერესი არმიაა უკრაინაში”, – თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს რუსეთის სტრატეგიული მარცხი უწოდა.
ფინეთში სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერმა ვერ მიაღწია თავის მიზნებს უკრაინაში. მისი თქმით, შეჭრამ რუსეთი დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით დაასუსტა. უკრაინის წინააღმდეგ ომმა გააძლიერა სწორედ ის ალიანსები, რომელთა შესუსტებას მოსკოვი ცდილობდა: ნატო და ევროკავშირი.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა გაცილებით უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე.
“სადაც პუტინი ცდილობდა ძლიერების დემონსტრირებას, მან აჩვენა სისუსტე. სადაც გაყოფას გეგმავდა, ის გაერთიანდა”, – თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
ბლინკენმა გააფრთხილა ყველა თავი შეიკავოს ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივისგან, რომელიც შეიძლება დაეხმაროს რუსეთის მიერ უკრაინის ხელში ჩაგდების ლეგიტიმაციას. მისი თქმით, ძლიერი უკრაინა, რომელსაც შეუძლია დაიცვას თავი ნებისმიერი აგრესიისგან, უნდა გახდეს კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობა.
“მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა ვერ მიაღწია მიზნებს, მას არ უთქვამს უარი მათზე. ის დარწმუნებულია, რომ უკრაინაზე და მის მხარდამჭერებზე მეტხანს გაძლებს. პუტინი ამაშიც ცდება. შეერთებული შტატები, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მყარად არის უკრაინის მხარდაჭერის ერთგული. – დღეს, ხვალ,იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. და ზუსტად იმის გამო, რომ პუტინის მისწრაფებებთან დაკავშირებით ილუზია არ გვაქვს, გვჯერა, რომ მნიშვნელოვანი დიპლომატიის და რეალური მშვიდობის საწინდარი უფრო ძლიერი უკრაინაა”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ივლისში ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინას შეუძლია სერიოზული დახმარების პაკეტის იმედი ჰქონდეს.