საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღანელი დააკავა.
უწყების ცნობით, ისინი უნებართვოდ და სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად, რეცეპტის გარეშე სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას ახდენდნენ.
“5 მაისს, შესაბამისი განჩინების საფუძველზე, დაკავებულ იქნა ხუთივე აფთიაქის ხელმძღვანელი პირი, რომელთაც ბრალად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება ედებათ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხსენებული აფთიაქებიდან დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი ამოვიღეთ. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები”, – აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.