ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია იმედის შემდეგ ლიბერთი ბანკიც ახალ მფლობელს ოფიციალურად გადააბარა. აქციების 95.99 % ახლა “ბაზის ბანკის” მფლობელობაშია. კომპანიის, რომლის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარი იყო, გაყიდვის გადაწყვეტილებას მხარეები მათთვის მომგებიანი ფინანსური გარიგებით ხსნიან.
ირაკლი რუხაძემ ლიბერთი ბანკის გაყიდვის სურვილი ოფიციალურად 2025 წელს გამოთქვა. 2026 წლის თებერვალში, ბრიტანული სანქციების გამოცხადების შემდეგ რუხაძემ გაყიდა “ტვ იმედიც”.
- “აღნიშნული ტრანზაქცია უმნიშვნელოვანესი ეტაპია ორი წარმატებული ბანკის ისტორიაში. ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენა არის უნიკალური შესაძლებლობა ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსების სინერგიით შევქმნათ მძლავრი უნივერსალური ფინანსური პლატფორმა, რომელიც თანაბრად ძლიერია, როგორც ბიზნესის მხარდაჭერით, ისე საცალო მიმართულებით.ამ გარიგებით, ვაძლიერებთ კონკურენციას ბაზარზე, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე. დამატებითი რესურსები კი, მეტი ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობაა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.
ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი,ბექა გოგიჩაიშვილი, აღნიშნავს – „ჩემთვის დიდი პატივი იყო ლიბერთის გუნდის ხელმძღვანელობა იმ პერიოდში, როდესაც ბანკმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და ზრდა განიცადა. მადლიერი ვარ თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის, რაც ბანკის წარმატების მთავარი საფუძველია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრანზაქცია შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბანკისთვის, მისი მომხმარებლებისა და გუნდისთვის, რაც საბოლოო ჯამში გააძლიერებს საბანკო სისტემას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას.“
ირკვევა, რომ ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა, ასევე დაიკავებს ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციას.
მიმდინარე ეტაპზე ორივე ბანკი ჩვეულ რეჟიმში, დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას. ბაზისბანკის მომხმარებლები მომსახურებას მიიღებენ ბაზისბანკში, ხოლო ლიბერთი ბანკის მომხმარებლები – ლიბერთი ბანკში.
რაც შეეხება „ბაზისბანკს“: „ბაზისბანკის“ მფლობელი ჩინური „ჰუალინგ ჯგუფია. “ბაზისბანკი” ბოლოს 2022 წელს გამსხვილდა, როცა უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები VTB ბანკს შეეხო, რომელსაც შვილობილი ბანკი საქართველოშიც ჰქონდა. სწორედ ბაზისბანკმა იყიდა მაშინ VTB ბანკის აქტივები.















