კვერცხების სროლა სასტუმრო “რუმსთან“, სადაც პოზნერი იმყოფება(ვიდეო)

თბილისში, სასტუმრო “რუმსს“, სადაც რუსი ჟურნალისტი და მისი თანმხლები პირები იმყოფებიან, საღამოს სამოქალაქო აქტივისტებმა კვერცხები ესროლეს. საპროტესტო აქცია სასტუმროს წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც ვლადიმერ პოზნერი და მისი თანმხლები პირები სასტუმრო “ვინოტელიდან„ პოლიციის კორდონით გამოიყვანეს, ავტობუსში ჩასვეს და სასტუმრო “რუმსში“ მიიყვანეს. აქციამაც “ვინოტელიდან“ სასტუმრო “რუმსთან“ გადაინაცვლა. რუს სტუმრებს აქაც პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავდა.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს, საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო “ვინოტელის” დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია. სასტუმრო “ვინოტელი” კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა.

“რუმსის” ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეების თქმით, პოზნერი არის განცხადების ავტორი, რომლის თანახმადაც “აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”, რითაც მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეურაცხყოფა მიაყენა და მან საქართველო უნდა დატოვოს. სავარაუდოდ პოზნერი საქართველოს იმაზე ადრე დატოვებს, ვიდრე თავდაპირველად ჰქონდა დაგეგმილი.