კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 4 ადამიანიდან, 3 აჭარაში მკურნალობდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი ოთხი პაციენტიდან სამი აჭარაში მკურნალობდა. მეოთხესთან დაკავშირებით კი, ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვს.

ენდელაძის თქმით, ერთი გარდაცვლილი 68 წლის კაცია, მეორე 64 წლის ქალი, მესამე კი 84 წლის მამაკაცი.

“4 გარდაცვლილიდან 3 აჭარაში მკურნალობდა, ერთი 68 წლის კაცი, რომელიც კლინიკაში შევიდა მძიმე მდგომარეობით, ჰქონდა თანმხლები დააავადებები და მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა მისი გამოყვანა მდგომარეობიდან ვერ მოხერხდა. მეორე გარდაცვლილი 64 წლის ქალია, ასევე მძიმე თანმხლები დაავადებებით, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბწონიანობა, მისი გამოყვანაც მდგომარეობიდან. ვერ მოხერხდა.  მესამე – 84 წლის მამაკაცი, მეოთხეს შესახებ ჯერჯერობით ინფორმაციას არ ვფლობ”,  აცხადებს ენდელაძე.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 268 ადამიანი, გარდაიცვალა – 4.

სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 9 245 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4 887 გამოჯანმრთელდა, 58 კი გარდაიცვალა.