ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ მანაც არ იცის, რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე საუბრობს ენმ–ს ლიდერი გრიგოლ ვაშაძე.
“რა მოლაპარაკებები ჩაიშალა, ჩვენ არ ვიცით, არც ევროპულმა საქართველომ და არც სხვა რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ. ამიტომ თუ ამას განმარტებას მოაყოლებს ბატონი გრიგოლი, იქნება უკეთესი, რადგან მე არ ვიცი, რა მოლაპარაკებები ჩაიშალა. მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ ის რაც არ დაწყებულა, როგორ ჩაიშალა, ჩემთვის არის გაუგებარი”, – აცხადებს კაპანაძე.
დღეს ანალოგიური განცხადება გააკეთა გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემაც. მან კითხვები დასვა, რა მოლაპარაკებებზე საუბრობს გრიგოლ ვაშაძე და ვინ ჩაშალა ის.
ცნობისთვის, გუშინ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით თითქმის მომზადებული დიალოგი ოცნებასა და ოპოზიციას შორის, ჩაიშალა.
ვაშაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს იმ საელჩოების წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობდნენ, რომ დიალოგის შუამავლები ყოფილიყვნენ.