არგაღიზიანების პოლიტიკას ვეთანხმები თავიდან ბოლომდე. როცა შენ ჯოხი გიჭირავს ხელში და მოწინააღმდეგეს ტანკი ყავს, ლულაში არ უნდა უჩხიკინებდე და არ უნდა აგინებდე, იმიტომ, რომ გესვრის და გაგაქრობს, მაგრამ, არგაღიზიანება – კი ბატონო, ფრთხილები უნდა ვიყოთ, თავდაჯერებულები, მაგრამ რეზოლუციის ეს ტექსტი არის სიბეჩავე, სისაწყლე. რეზოლუციის ტექსტი, სადაც რუსეთს არ ვახსენებთ და ვითომ რაღაც არაამქვეყნიური საფრთხეების წინაშე დგას უკრაინა, ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნისგან არის სისაწყლის და სიბეჩავის გამოვლინება. ეს ძალიან გულს მტკენს, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ არაფერი არ შეიცვლება, გარდა იმისა, რომ უფრო ღირსეულად დავუჭერთ მხარს ამ ქვეყანას. იმ ქვეყანას, რომელიც, 90-იან წლებში, სულ რომ არ ევალებოდა, მოხალისეებით იბრძოდა აფხაზეთში, სულ რო არ ევალებოდა, ჭუბერში ჩარჩენილი მშიერი, გაყინული, გაუბედურებული დევნილები გადმოიყვანა ქუთაისსა და თბილისში თავისი ხარჯით და რისკით. სიკვდილ-სიცოცხლის რისკს გადიოდნენ უკრაინელი მფრინვები. ომის დროს თბილისის თავზე რუსული სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავდნენ და პრეზიდენტი აქ იყო, რუსთაველზე იდგა, ისიც რისკავდა და ასეთ ქვეყანას, როცა საფრთხეა, ვეუბნებით, რომ შარში ხარ, მაგრამ შარი ვისგან მოდის, იმას ნუ მახსენებინებ.

არგაღიზიანება სწორია, მაგრამ სისაწყლეს თუ გამოვავლენთ, არავინ ღირსეულად არ შემოგვხედავს. არც მეგობრისთვის და არც მტრისთვის არ ვიქნებით არაფერი. ასე რომ, ქართულ ოცნებას ადამიანურად გთხოვთ და მოგიწოდებთ, არ ვიჩქაროთ. ძალიან ცუდად წარმოჩინდება ჩვენი ქვეყანა, თუ 1 და 2 პარტიის მიერ მიღებული რეზოლუცია იქნება. იმდენი მაინც ვქნათ, რომ განსაცდელში მყოფ მეგობარს ერთიანი რეზოლუციით დავუჭიროთ მხარი”

ამბობს პარტია ”მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ”ქართული ოცნების” მიერ შედგენილ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ტექსტზე.