კონგრესის შენობაში ტრამპის მომხრეები ადგილობრივი დროით 13 საათზე შეიჭრნენ. მათ სენატის შენობის გარშემო პოლიციის მიერ დაყენებული მეტალის ბარიერები გაარღვიეს. შენობაში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიჭრა. რამდენიმე ათასი კი გარეთ რჩებოდა და აქციას განაგრძობდა.
შენობის ფოიეში და კორიდორებში ტრამპის მხარდამჭერი შეძახილები ისმოდა. ისინი მთელ შენობას მოედნენ და დარბაზშიც შეაღწიეს. ზოგი კი სოციალურ ქსელებში იქიდან ფოტოებსაც აქვეყნებდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე კონგრესის წევრების საიდუმლო ადგილზე ევაკუაცია მოხდა.
ტრამპის მომხრეები სენატში იმ დროს შეიჭრნენ, როცა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების საბოლოოდ დამტკიცება მიმდინარეობდა.
აშშ–ს კონგრესში, ოთხშაბათს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სერტიფიცრებისა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების საბოლოოდ დასამტკიცებლად შეიკრიბა. ეს არის ფორმალური, ცერემონიული ხასიათის პროცედურა, რომელიც საუკუნეების წინ დამკვიდრდა. ტრამპის მომხრეები, რომლებიც კონგრესის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავდნენ შენობაში სხდომის მიმდინარეობის დროს შეიჭრნენ, რასაც სხდომის ჩაშლა მოჰყვა.
დღევანდელი სხდომით უნდა დასრულებულიყო 46-ე არჩეული პრეზიდენტის გამარჯვების გამოცხადების ოფიციალური მხარე. ბოლო ნაბიჯი კი ინაუგარაცია იქნება, რომელიც 20 იანვარს იგეგმება.
არჩევნებში დამარცხებული დონალდ ტრამპი ცდილობს ჩაშალოს პროცედურა, რომლითაც ბაიდენი აშშ–ს პრეზიდენტად საბოლოოდ დამტკიცდება. სენატის სხდომის დაწყებამდე ვაშინგტონის ცენტრში მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას მან მხარდამჭერებს მოუწოდა კაპიტოლიუმის შენობისკენ წასვლა და განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
ამერიკული ტელევიზიები აჩვენებენ კადრებს, რომლებზეც ჩანს, რომ ამერიკული დროშებით და ლოზუნგებით შეიარაღებული ტრამპის მხარდამჭერები პარლამენტის კომპლექსის კორიდორებში დადიან.
როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი კანონმდებლები ტრამპის მხარდამჭერების შენობაში შეჭრას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უწოდებენ. მათ შორის არის რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი ილინოისიდან.
“ჩვენ სახელმწიფო გადატრიალების მომსწრეები ვართ, რომელიც პირდაპირ თეთრ სახლში მოკალათებული დამნაშავის მიერ არის შთაგონებული“– დაწერა დემოკრატმა ბილ პასკრელმა ტვიტერზე.
ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბაუზერმა ამერიკის დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა, თუმცა მის განკარგულებაში მხოლოდ პოლიციაა. ნაციონალური გვარდიის საქმეში ჩასართავად პენტაგონის ნებართვაა საჭირო. ბაუზერი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი არმიის მობილიზებას ითხოვდნენ, თუმცა პენტაგონი თავდაპირველად არ რეაგირებდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კაპიტოლიუმის შენობისკენ ნაციონალური გვარდია დაიძრა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს მდივანმა, კეილი მაკენანმა განაცხადა. არმიამ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა დედაქალაქში არსებული ძალები. ნიუ იორკ თაიმსის ცნობით ვაშინგტონისკენ მიემართება მეზობელი ვირჯინიის შტატის პოლიცია და ნაციონალური გვარდიაც.
ტრამპმა მოვლენების დრამატულად განვითარების შემდეგ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილ მხარდამჭერებს ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. ადგილიდან ჟურნალისტები გადმოსცემენ, რომ პროტესტანტთა ნაწილი შეიარაღებულია.
შენობაში შეჭრილმა ტრამპის მხარდამჭერებმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელსოსის კაბინეტი დაარბიეს – კედლებიდან სურათები ჩამოყარეს და ავეჯი გადააყირავეს.
ასე გამოიყურებოდა ამერიკის კონგრესის დარბაზი, როცა იქ დემონსტრანტები ცდილობდნენ შეჭრას:
შენობის შტურმის ზოგიერთი მონაწილე სენატის სხდომათა დარბაზში სპიკერის სავარძელში მოკალათდა და ფოტოები გადაიღო