ცესკოს უფროსი სპეციალისტი, ივანე ბურდული, რომელმაც დღეს თამარ ჟვანიას გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა, მთავარი არხის ეთერში ყვება, როგორ გაყალბდა არჩევნები. მისი თქმით, მთავარი მეთოდი სიებით მანიპულაციაა.
“სიებით მანიპულაცია იწყება იუსტიციის სამინისტროდან, საიდანაც გადაეცემა სიები ცესკოს და ის უკვე დამუშავებული, გამოსაყენებელი სიებია, როგორც საარჩევნო მანიპულაციის ხერხი”,- ამბობს ბურდული.
მისი განმარტებით, მისამართებზე უშუალოდ იქ მცხოვრები ოჯახების გარდა, ჩაწერილია რამდენიმე ათეული ადამიანი. ბურდულის თქმით, ამომრჩევლებიც ხმამაღლა საუბრობენ ამაზე.
“შემდგომ ეს სიები რიგდება საუბნო საარჩევნო კომისიებში 1 თვით ადრე, კედელზეა გამოკრული. ამ არჩევნებისთვის შევიდა ცვლილება და სამაგიდო სიები კომისიას გადაეცემა 12 საათით ადრე. ადრე 2 დღით ადრე გადაეცემოდა და ამომრჩეველს შეეძლო, შეედარებინა სიები. ახლა მოისპო გადამოწმების საშუალება”,- აცხადებს ივანე ბურდული.
მისივე თქმით, ამ არჩვენებზე არნახული მოსყიდვა იყო და ეს თუ არ ჭრიდა, გადადიოდნენ დაშინებაზე, იძულებასა და ძალადობაზე.
“ამ არჩევნებზე ჩვენ ვიხილეთ გაყალბების ზედა ზღვარი, ეს იყო უშუალოდ უკვე მექანიკურად ოქმების ჩასწორება, რაც წინა არჩევნებზე ნამდვილად არ მახსენდება”,- ამბობს ბურდული.
ის ოქმებში არსებულ დისბალანსებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ამის გასწორება უბნებზე ვერ მოახერხეს, რადგან ამისთვის სიებშიც უნდა მიეწერათ ამომრჩეველი, ნაცვლად ამისა, ტექნიკურად გადაასწორეს ოქმები.
მანვე აღნიშნა, რომ ე.წ. კარუსელისთვის წინასწარ ხდება ადამიანების აღრიცხვა, თუ ვინ არ მივა არჩევნებზე, ან ვინ იმყოფება საზღვარგარეთ, არმისვლის შემდეგ კი ამ ადამიანების იყენებენ, როგორც ამომრჩეველს, შედის მის მაგივრად სხვა ადამიანი და აძლევს ხმას.
ბურდული განმარტავს, რომ ამ პროცესში მჭიდრო კოორდინაციაში იმყოფებიან ის ადამიანები, ვისაც კარსელში ჩართული ადამიანები უბნებზე მიჰყავს, კართან მდგომი მარეგულირებელი და რეგისტრატორი: “მარეგულირებელი არ ამოწმებს მარკირებას, შემოდის შიგნით და უშვებს ნაცნობ, კონკრეტულ რეგისტრატორთან”.
ცესკოდან წამოსული თანაშრომელი გადასატან ყუთზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს “აქილევსის ქუსლია”.
“როგორც წესი, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესული ამომრჩევლების მხოლოდ სახელის და გვარების გასაჯაროვება ხდება, შესაბამისად, მისი გადამოწმების შესაძლებლობა ისპობა”,- აცხადებს ივანე ბურდული.