ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ 26 ოქტომბერს შესული ცვლილებებით აბორტის გაკეთების წესსები იცვლება. ახალი წესები 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ზურაბ აზარაშვილის მიერ ხელმოწერილი ცვლილებებით აბორტამდე 5-დღიან მოსაფიქრებელ პერიოდთან ერთად, სავალდებულო იქნება ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის გავლა. 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის დარღვევის შემთხვევაში დგება ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.
„აბორტისწინა კონსულტაცია/გასაუბრება ტარდება (შემდგომში – აბორტისწინა კონსულტირება) ექიმი მეან-გინეკოლოგის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის (სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს 2024 წლის 1 იანვრიდან) მიერ, კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში”, – წერია ბრძანებაში.
5-დღიანი მოცდის ვადის ამოწურვის შემდეგ, პროცედურის ჩატარების შემთხვევაში, პროცედურის წინ სავალდებულო იქნება რადიოლოგიური კვლევა (ექოსკოპია) ორსულობის ვადის მითითებით.
მედიკამენტური აბორტის შემთხვევაში, 7 კვირამდე (< 49 დღე) ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტი უნდა გაკეთდეს „I დონის ანტენატალურ დაწესებულებაში, სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით”.
7 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ქირურგიული მეთოდით შესაძლებელი იქნება სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც აქვს სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება.
10 კვირამდე (70 დღე) ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტის განხორციელება შესაძლებელი იქნება სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში და სტაციონართან არსებულ ანტენატალურ დონე მინიჭებულ ამბულატორიაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით. მედიკამენტური აბორტის გამომწვევი მედიკამენტების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმ მეან-გინეკოლოგის ან/და რეპროდუქტოლოგის დანიშნულებით.
12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით, ნებისმიერი მეთოდით სამედიცინო ჩარევა ხორციელდება მხოლოდ სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში (გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს დაწესებულების დონეზე) სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგის მიერ და შეტყობინება (სამედიცინო დოკუმენტაციის დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული ასლი) უნდა გაეგზავნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილ „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს.
ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით სამედიცინო ჩარევა უნდა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ,,ორსულობის უსაფრთხო შეწყვეტა“ – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) გათვალისწინებით.“.
12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შესაწყვეტად საჭირო არის სამედიცინო ჩვენების არსებობა, რომლის ჩამონათვალსაც ბრძანება მოიცავს.
ყველა სხვა შემთხვევაში, თუ ორსული ქალის დაავადება, რომელიც არ არის მინიშნებული ჩამონათვალში და ორსულობის გაგრძელების შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს, ბრძანების თანახმად, საკითხი ორსულობის შეწყვეტის შესახებ იხილება კომისიურად (პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომით), პერინატალური მოვლის სუბსპეციალიზებული (III) დონის დაწესებულებაში –კომისიური წესით.