აიღოს პრეზიდენტმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა! – მედიაკოალიცია გვარამიას საქმეზე

მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია  შეიწყალოს.

“მედიის ადვოკატირების კოალიცია უკიდურესად კრიტიკულად აფასებს საკასაციო სასამართლოს განაჩენს ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც “მთავარი არხის” დირექტორი პატიმრობაში რჩება. ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება და სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია და განაჩენი უსამართლო და დაუსაბუთებელია.

მედიის ადვოკატირების კოალიცია, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან ერთად, გამოძიების დაწყების დღიდან ვაცხადებდით, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არსებული საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული და რომ ის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლოს განაჩენი კი მხოლოდ ამ უსამართლობის დროში გახანგრძლივებას ემსახურება…

​დროა, საქართველო პრეზიდენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, შეიწყალოს ნიკა გვარამია და ევროინტეგრაციის პროცესში პოზიტიური როლი ითამაშოს,” – ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, 19 ივნისს, უზენაესმა სასამართლომ “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.