ამომრჩევლები იმსახურებენ სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს – აშშ-ს საელჩო

აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ [საარჩევნო] გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად არასათანადო გამოყენების, არათანაბარი სამოქმედო პირობების შესახებ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც.

“მაშინ როცა ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა ძირითადად მშვიდ გარემოში მიეცათ ხმა 2 ოქტომბერს, საარჩევნო პროცესი უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ არჩევნების დღე. ჩვენ ვიზიარებთ ოდირის წუხილს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოლარიზებული მედიაგარემო, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის ფინანსებზე არასაკმარისი ზედამხედველობა, ქალთა ნაკლები წარმომადგენლობა კამპანიაში, ცნობები ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ.

ჩვენ ვაფასებთ ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით „ისფედს”, „საიას”, „მრავალფეროვან საქართველოსა”, და „საერთაშორისო გამჭვირვალობას”, საზოგადოებისთვის საფუძვლიანი და დაბალანსებული შეფასებებისა და სანდო ინფორმაციის მიწოდებისთვის კამპანიის პერიოდში და არჩევნების დღეს. მათმა მნიშვნელოვანმა წვლილმა დროთა განმავლობაში გააუმჯობესა საარჩევნო პროცესი. ჩვენ შეწუხებული ვართ ცნობებით, რომ ამ პატივსაცემ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექმნებოდათ დაბრკოლებები არჩევნების დაკვირვების პროცესში”,– აცხადებს აშშ-ს საელჩო.

მათივე თქმით, სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარი ღრმად შემაშფოთებელია.

“ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ. ბევრ ქალაქსა და სოფელში მასწავლებლების, სამართალდამცველებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელი შეუშალა მათ თავისუფალი არჩევანის გამოხატვაში არჩევნების დღეს.

ასეთი ტიპის დარღვევებს ხშირად ჰქონია ადგილი საქართველოს არჩევნებში, რაც სრულად შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ იდეალებთან. არსებობს სახიფათო რისკი, რომ ეს და სხვა განმეორებადი ხასიათის საარჩევნო დარღვევები გარდაუვალი გახდეს. საქართველოში ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს”,– წერია საელჩოს განცხადებაში.