არჩევნების მოგების შანსი მაღალი გვაქვს, რადგან მაღალია ხალხის ნდობა ჩვენს მიმართ – სუბარი

პრემიერი გიორგი გახარიას მრჩეველი სოზარ სუბარი ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი მაღალი აქვს, რადგან პარტიას ხალხის მაღალი ნდობა აქვს.

“არჩევნების მოგების შანსი ჩვენ გვაქვს მაღალი იმის გამო, რომ მაღალია ხალხის ნდობა ჩვენს მიმართ და ეს ყველა გამოკითხვით დასტურდება”,– ამბობს სოზარ სუბარი და აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ პროპორციული სისტემის მესამე კენჭისყრაში არმონაწილებით დაკარგა შანსი, რომ თუნდაც “სერიოზული წარმომადგენლობით იყვნენ პარლამენტში.”

სუბარის თქმით, “ორი ნაციონალური მოძრაობა” ის დესტრუქციული ძალაა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ცვლილებები ჩავარდნილიყო.

მისივე განცხადებით, საზოგადოებამ შეიძლება ახალი ძალის ძებნა დაიწყოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღირსეული ოპოზიციის გამოჩენა.

“თუ ეს გამოიწვევს იმასაც, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჩვენ არ გვენდობა და ეძებენ რაღაც ძალებს, საბოლოოდ დაინახავენ, რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“ და დაიწყებენ სხვა პოლიტიკური ძალების ძებნას, ესეც შეიძლება, კარგი პროცესი იყოს, რადგან, იქნებ დადგეს დღე, როცა გამოიკვეთება მართლაც ღირსეული ოპოზიციაც, რომელიც ქვეყნის მართვაშიც მიიღებს მონაწილეობას და მუდმივად ქვეყნის წაქცევაზე არ იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა სოზარ სუბარმა იმედის ეთერში.