“არ არის ბატონებო მიშა მთავარი პრობლემა. თქვენი პრობლემაა მშიერი, სახლში გამოკეტილი ხალხი“–გია ხუხაშვილი ხელისუფლებას

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე პრემიერად დანიშვნის შესახებ საქართველოს ხელისუფლების  აღშფოთებას ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმა ამ დანიშვნას მიუღებელი უწოდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რადას სპიკერს წერილი მიწერა, დღეს კი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმაც გაავრცელა.

“როდესაც ჩვენი ხელისუფლება პრევენტულ განცხადებებს აკეთებდა მიშას დანიშვნაზე, ფორმა არადიპლომატიური და საზიანო იყო, მაგრამ ახსნადი.
აი ეს უკან მიდევნებული განცხადებები კი სრული კატასტროფაა…
ხელისუფლება, როგორც ჩანს, მართლა ფიქრობს, რომ მათი მთავარი და ყოვლისმომცვლელი პრობლემა სააკაშვილია და ყველაფერი სხვა მეორეხარისხოვანია.
არ არის ბატონებო მიშა მთავარი პრობლემა. თქვენი პრობლემაა მშიერი, სახლში გამოკეტილი ხალხი, რომელმაც მიშას უკვე გამოუტანა განაჩენი და თუ ასე გააგრძელეთ, თქვენც მის ბედს გაიზიარებთ.“ –წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.