არ მინდა, რეგიონებში ჩაუსვლელად მივიღო გადაწყვეტილება – მელია პარლამენტში შესვლაზე

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლა-არშესვლის გადაწყვეტილებას რეგიონებში ჩასვლის შემდეგ გამოაცხადებს.

მისი თქმით, შეუძლია დღესვე ჩაატაროს ბრიფინგი და ამის შესახებ ისაუბროს, თუმცა ეს უპატივცემულობა იქნება ამომრჩევლის მიმართ.

“კონკრეტული გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ადამიანს მიღებული აქვს, შესაძლებელია, მეც მქონდეს მიღებული. წინ შეიძლება, ბევრი არაფერი მიდგას, ჩავატარო დღეს საღამოს ბრიფინგი და საზოგადოებას ვაცნობო პარტიის სახელით გადაწყვეტილება, ანუ ჩემ თავზე ავიღო ის, რაც ლეგიტიმურად განსაკუთრებით, არჩეულმა თავმჯდომარემ უნდა აიღოს ხშირ შემთხვევაში, მაგრამ განგებ არ ვაკეთებ ამას და რატომ? სულ რაღაც 4 დღეა ვარ იქ, სადაც ვარ. არ მინდა უბრალოდ, რომ უპატივცემულობა დავაფიქსირო ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ ამ უზარმაზარ პარტიაში და ამავე დროს, არ მინდა, თუნდაც რამდენიმე რეგიონში ჩაუსვლელად მივიღო ეს გადაწყვეტილება.

მინდა, რომ საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ნაწილთან მქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა და ამის შემდეგ გამოცხადდება გადაწყვეტილება, რომელიც იქნება პრაგმატული და რაციონალური. ეს არის მიზეზი, რატომაც ვწელავ დროში ამ პროცესს”, – თქვა ნიკა მელიამ.