არ შეიძლება იყოს პრივილეგირებული ჯგუფები, რომლებიც, კანონის მიუხედავად, შეიკრიბებიან – კლინიკა ნეოლაბის დირექტორი

კლინიკა ნეოლაბის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კამკამიძე აცხადებს, რომ ახლა აკადემიური მსჯელობები რელევანტურობას კარგავს.

მისი თქმით, არ შეიძლება ქვეყანაში იყოს პრივილეგირებული ჯგუფები, რომლებიც კანონის მიუხედავად, მაინც შეიკრიბებიან.

,,ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უფრო თანმიმდევრული აქამდე, თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო და ყველა უნდა გავერთიანდეთ ერთი მიზნის გარეშემო. აქამდე მიდიოდა აკადემიური მსჯელობები იმაზე, როგორ ჯობია დიაგნოსტიკა, როგორ ჯობია, რომ პაციენტებს მოვემსახუროთ, ახლა ეს რელევანტობას კარგავს და ყველა ვერთიანდებით ძალიან მარტივი ჭეშმარიტების გარშემო – არ შეიძლება, იყოს პრივილეგირებული ჯგუფები ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც, კანონის მიუხედავად, მაინც შეიკრიბებიან და ამ მხრივ შეუქმნიან ძალიან დიდ საფრთხეს დანარჩენ მოსახლეობას. ეს დაუშვებელია.”,- აცხადებას კამკამაძე.

მისივე თქმით, ბზობის დღესასწაულმა აჩვენა, რომ ტაძრებში მრევლის ნაკადი დარეგულირებული არ იყო, მთავრობის და საპატრიარქოს გადაწყვეტილება კი , მრევლის 9-დან 6-მდე შეკრების შესახებ, დამღუპველია.

,,განსაკუთრებით საშიშროებას წარმოადგენს ის გადაწყვეტილება, რომ ხალხი უნდა შეიკრიბოს საღამოს ცხრიდან დილის 6-მდე. ეს არის დამღუპველი გადაწყვეტილება. ამას ჯობია მოიხსნას ეს შეზღუდვა და გადანაწილდეს ხალხი, თუ ვერ ვახერხებთ ამ აკრძალვას, მაშინ ჯობია მოიხსნას. 9 საათის განმავლობაში ადამიანების თავმოყრა არის ყველაზე უფრო საშიში ქცევა, რომლისკენაც მოგვიწოდებს ეკლესიის ნაწილი”,- განაცხადა კლინიკა ნეოლაბის დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს საპატრიარქო და მთავრობა შეთანხმდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, სააღდგომო ლუტურგია ჩატარდება. მთავრობის განცხადებით, დიდ ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია, ხოლო მცირე ეკლესიებში მრევლი გარეთ იქნება.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო წირვაზე მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და მას დილის ექვს საათზე დატოვებს.

პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მივიდნენ ეკლესიაში და ამით გადაარჩინონ ეკლესია, რადგან არსებობს საშიშროება, რომ საქართველოში განმეორდეს იტალია. მისივე თქმით, თუ არ დავრჩებით სახლში, ჩვენ ვერ გადავრჩებით და გვექნება უდიდესი მსხვერპლი.