“მაშინ, როდესაც ჩვენ ამბიციურ სამომავლო მიზნებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მმართველობის სისტემები არსებითი საფრთხეების წინაშე დგანან. ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალური პოლიტიკური რიტორიკა დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის რეალურ გამოწვევას წარმოადგენს და მთლიან საზოგადოებას ვნებს. აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღდგენა და დემოკრატიული განვითარებისთვის ხელახალი ენერგიის მიცემა.

ჩვენ შეიძლება ვერ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს ცალკეულ თემატურ საკითხებზე. ეს ნორმალური და საჭირო უთანხმოებაა, რაც დემოკრატიას ამოძრავებს. თუმცა, გასული ათწლეულის მანძილზე პოლარიზაციის ჯერ არნახული ხარისხის მომსწრე გავხდით.

კოვიდ-19 ვირუსის პანდემიამ კიდევ უფრო მეტად მოახდინა გავლენა ბევრი ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობაზე. ვირუსთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა დამატებით შეუწყო ხელი პოლიტიკური პოლარიზების ზრდას.

პოლარიზაცია დღესდღეობით განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა, საზოგადოებრივ დაყოფას კი ბოლო არ უჩანს.

ჩემი ქვეყანა ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. პოლიტიკური პოლარიზაცია საზოგადოების გამოწვევაა საქართველოშიც”

განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადრიდში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 143-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.