აქციებში ჩვენ არ ვმონაწილეობთ, თუმცა მათი მოთხოვნები ლეგიტიმურია – იოსელიანი

მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანია ამბობს, რომ მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი დაპირისპირებით და განუწყვეტელი აქციებით.

მისი თქმით, აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ლეგიტიმურია, თუმცა, “მოქალაქეები” მას არ შეუერთდებიან.

“NDI-ის ბოლო კვლევაში მოქალაქეების 80% ამბობს, რომ პროცესმა უნდა გადაინაცვლოს პარლამენტში. ამიტომ მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი რომ უნდა დასრულდეს ნიკა მელიას გათავისუფლებით და მოლაპარაკებით, ეჭვი არ მეპარება და ამაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებას და პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ აქციებში ჩვენ არ ვმონაწილეობთ, თუმცა, მათი მოთხოვნები არის ლეგიტიმური და ერთ- ერთი მოთხოვნა, რაც არის ვადამდელი არჩევნები, ამის მიმართ სოლიდარულები ვართ,”- განაცხადა იოსელიანმა.